მამუკა ხაზარაძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, სხვა არჩევანი არც ჰქონია

მამუკა ხაზარაძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, სხვა არჩევანი არც ჰქონია

დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა, “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის  ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საფინანსო ორგანიზაციიდან “თიბისი ბანკიდან” წასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება. უგულავას განცხადებით, ხაზარაძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. 

“პრინციპში სწორი გადაწყვეტილებაა. სხვა არჩევანი არც ჰქონდა. ფაქტია, ბანკს ვერ მოიყოლებდა ამ ბრძოლაში. ამას არც აქციონერები დაუშვებდნენ და არც ქვეყნისთვის იქნებოდა სწორი. კავკასიური ცარცის წრის სცენა გათამაშდა. ხაზარაძემ - ბავშვს ხელს ვერ მოვაძრობ და ხელი გაუშვა. ალბათ, ივანიშვილიც გაეშვება. მან მიაღწია იმას რაც უნდოდა. ამოგანგლა ხაზარაძე და ახლა თავი უნდა ამართლებინოს, რომ არაა აქლემი. პროკურატურის საქმე კი დამოკლეს მახვილივით ეკიდება სადმე კუთხეში.

შედეგი: დაზარალდა ქვეყნის იმიჯი, გაღრმავდა ტოტალური უიმედობის და განუკითხაობის განცდა. დასკვნა: კონსოლიდაცია, ბრძოლა და ამათი გაყრა. ვადები: ყოველი დღე ძვირფასია“, - წერს გიგი უგულავა.

მამუკა ხაზარაძემ „თიბისი ბანკი“ დატოვა.

„ჩვენმა საერთაშორისო აქციონერებმა ერთ თვეში 200 მილიონი დოლარის ზარალი მიიღეს, შესაბამისად, ჩვენმა ქვეყანამაც სერიოზულად იზარალა. ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოგვაყენეს სერიოზული რეპუტაციული ზიანი ფულის გათეთრების აბსურდულ საკითხთან ვითომდა კავშირში, რომლის არარსებობა საერთაშორისო დონეზეა დამტკიცებული. შესაბამისად, მე მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე, ბანკიდან, რომელიც 500 დოლარიდან რეგიონის უმსხვილეს მოთამაშედ ვაქციე ჩემს გუნდთან ერთად.

იმედია, ეს გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს ბანკის მომავალ სტაბილურ და მშვიდ გარემოში განვითარებაზე, მე კი მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს - ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი“, - წერს მამუკა ხაზარაძე.