ეკონომიკის ექსპერტის აკაკი ცომაიას შეფასებით, მამუკა ხაზარაძე რაღაც გარემოებების გამო იძულებულია, წავიდეს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან და ეს მისი ნება-სურვილით არ არის განპირობებული. ხაზარაძის წინააღმდეგ მსგავსი კამპანია რომ არ წამოწყებულიყო, ის წასვლას არ აპირებდა.
"როგორც ჩანს, მამუკა ხაზარაძე ბუნებით მებრძოლი ადამიანი არ არის და არ ირჩევს იმ გზას, რომ ბოლომდე იბრძოლოს ამ მიმართულებით. შესაბამისად, რასაც არაფორმალური მმართველი კულუარებში, ალბათ მას სთხოვდა, ამ მიმართულებით შეთანხმება მოხდა. შესაძლოა, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ შეირჩეს ისეთი ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი იქნება. ასეთ შემთხვევაში, ალბათ, „თიბისი ბანკში“ მენეჯმენტიც შეიცვლება იმიტომ, რომ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს შეცვლა ხშირად მენეჯმენტიც შეცვლასაც ნიშნავს. რა მიმართულებით წაიყვანს მერე ის მენეჯმენტი ბანკს და როგორი იქნება მისი საქმიანობა, ეს არავინ იცის.
დასანანია ის ფაქტი, რომ ხაზარაძე რაღაც გარემოებების გამო იძულებულია, წავიდეს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან, რადგან, ფაქტია, რომ ეს არ არის განპირობებული მისი ნება-სურვილით. ეს მისი არჩევანი არ იყო. მსგავსი კამპანია რომ არ წამოწყებულიყო მის წინააღმდეგ, ის არ აპირებდა წასვლას. ეს იძულებითი ნაბიჯია.
"თიბისი ბანკის" აქციონერები - J.P. Morgan და სხვა საკმაოდ სერიოზული კომპანიები, ასევე ანაკლიის პორტის პროექტის ინვესტორებიც არიან. შესაძლებელია, რომ მათთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღო ხაზარაძემ ასეთი გადაწყვეტილება“, - აღნიშნავს ცომაია.