ხაზარაძის საგანგებო მიმართვა:

ხაზარაძის საგანგებო მიმართვა: "მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან"

"თიბისი ბანკის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე ბანკიდან მიდის. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა. ხაზარაძე ამბობს, რომ ბანკმა ერთ თვეში 200 მილიონი დოლარის ზარალი მიიღო:

"უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ 27 წლის განმავლობაში გაწეული მეგობრობისთვის, თანადგომისთვის და ერთად გაკეთებული საქმეებისთვის. ცხოვრებაში დგება ეტაპები, როცა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებ, მეც ბევრჯერ მქონია ასეთი, ახლაც ამ შემთხვევასთან მაქვს საქმე.

ბანკის საერთაშორისო აქციონერებმა ერთ თვეში 200 მილიონი დოლარის ზარალი მიიღეს, შესაბამისად, ჩვენმა ქვეყანამაც სერიოზულად იზარალა. ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოგვაყენეს სერიოზული რეპუტაციული ზიანი ფულის გათეთრების აბსურდულ საკითხთან ვითომდა კავშირში, რომლის არარსებობა საერთაშორისო დონეზეა დამტკიცებული.

სამწუხაროდ, არც ერთ სახელმწიფო მოხელეს არ გამოუთქვამს სურვილი, პრემიერის და მისი მინისტრების ჩათვლით, შეგვხვედროდნენ და პირადად დაინტერესებულიყვნენ ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმით.

ჩემზე ასეთი თავდასხმა პირდაპირ აისახება ჩვენი ბანკის რეპუტაციაზე. ბანკი კი არ შეიძლება ხანგრძლივ სასამართლო დავაში იყოს თავის რეგულატორთან, მითუმეტეს თუ ეს უკანასკნელი არაა თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში, მიუხედავად მისი კანონით მინიჭებული მაღალი ხარისხის დამოუკიდებლობისა.

დღეს ლონდონში ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწვეტილება ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ ბანკის, მისი აქციონერების და დეპოზიტარების ინტერესებიდან გამომდინარე.

შესაბამისად, მე მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე, ბანკიდან, რომელიც 500 დოლარიდან რეგიონის უმსხვილეს მოთამაშედ ვაქციე ჩემს გუნდთან ერთად.

იმედია, ეს გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს ბანკის მომავალ სტაბილურ და მშვიდ გარემოში განვითარებაზე, მე კი მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს - ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი. იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა".