დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ბევრს ეჭვი უჩნდება – რომელ გაბრწყინებაზეა ლაპარაკი

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ბევრს ეჭვი უჩნდება – რომელ გაბრწყინებაზეა ლაპარაკი

“ივერია აუცილებლად გაბრწყინდება, მაგრამ არა ისე, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. ჩვენი ხელისუფლება ხშირად წარმოთქვამს – საქართველო გაბრწყინდებაო; მე არ ვიცი, რას გულისხმობენ ისინი, სიმართლე კი ერთია – საქართველოს გაბრწყინება არის ქართველი ერის სულიერი და არა მიწიერი მხარე. იმ სულიერი შესაძლებლობებით, რომლებიც დღეს გაგვაჩნია, საქართველოს ვერ გავაბრწყინებთ. ჩვენს სამშობლოზე, დედა ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე, ისევ თვითონ იზრუნებს დედა ღვთისა. მეორედ მოსვლამდე საქართველო სულიერად გაბრწყინდება! მაგრამ ამას, რა თქმა უნდა, დიდი სულიერი შრომა სჭირდება. დღეს საქართველოს ყველა მხრიდან უტევენ – რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, დასავლეთიდან. ეს ეშმაკის ხრიკებია, რადგან არ აწყობს ეშმაკს საქართველოს სულიერი გაძლიერება. საქართველო ისე აღდგება, როგორც ოთხი დღის მკვდარი ლაზარე აღდგა! დღეს საქართველო აღდგომის პროცესშია და ამ პროცესში ბევრი გამოაშკარავდება, ბევრი წარმოჩინდება – “ბნელსა შინა მსხდომნი” გარეთ გამოვლენ. სანამ იესო ქრისტე ძე ღვთისა და ძე კაცისა მოვიდოდა, ადამიანები თავიანთ ცოდვებს ვერ ხედავდენ, მისი მოსვლის შემდეგ გაცხადდა მათი ცოდვები, ამიტომაც გაღიზიანდნენ ცოდვილნი და ჯვარს აცვეს მაცხოვარი. ასევე მოხდება საქართველოს გაბრწყინებისას – ჩვენი ქვეყნის ყველა მტერი წარმოჩინდება თავისი ბნელი საქმეებით; ისინი ქვეშეცნეულად გრძნობენ, რომ საქართველო სულიერად ძლიერდება და მოსვენება დაკარგეს…

გავიხსენოთ საქართველოს ისტორია – ერთმორწმუნე ბიზანტიის იმპერია ვითომ დახმარებას გვპირდებოდა, თუმცა ბერძნები გრძნობდნენ, რომ ის, რაც თვითონ შრომითა და ღვაწლით უნდა მოეპოვებინათ, უმთავრესი და უპირველესი ადამიანებისთვის, სიყვარული – ეს ქართველებს ბუნებრივად გვქონდა, ღვთისგან ბოძებული. გაიხსენეთ, როგორ ცდილობენ იერუსალიმში – წმინდა მიწაზე ქარ­თული კვალის წაშლას; ისე გადაშალეს, გაავერანეს შოთა რუსთაველის ფრესკა, რომ ხელი არ აუკანკალდათ; რუსეთი? გვეგონა ერთმორწმუნე ქვეყანასთან გავერთიანდით, მაგრამ შურს და სიძულვილს მაინც ვერ მალავდნენ – თეთრად ღებავდნენ ჩვენს უნიკალურ ფრესკებს, ჩვენს სიწმინდეებს იტაცებდნენ და გაჰქონდათ საქართველოდან. ესეც ნიშანი იმისა, რომ რუსებიც გრძნობდნენ ღვთის ჯილდოს – სიყვარულს ქართველ ერზე. მაგრამ ვინც არ უნდა ეცადოს, ქართველის სულში სიყვარულს ხომ ვერ წაშლის! ღვთის რჩეული ერი ვართ ქართველები და ღვთივკურთხეულია ქართული მიწა. უფალს ვევედრები, მთელი საქართველო, ყველა ქართველი “ერთ სულ და ერთ ხორც” გაერთიანდეს მართლმადიდებლური დროშის ქვეშ უფლის სადიდებლად.

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ბევრს ეჭვი უჩნდება – რომელ გაბრწყინებაზეა ლაპარაკიო, მაგრამ ყველაზე მეტად დედა ღვთისმშობლის იმედი მაქვს. მისი მეოხებით, მისი შეწევნითა და უფლის კურთხევით საქართველო გადარჩება და გაბრწყინდება – ერთი პირითა და ერთი გულით განადიდებს ყოვლადწმინდა სამებას”. – მაღალყოვლადუსამღვდელოესი იობი, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი.