ხვალ ეკა ბესელია სავარაუდოდ, უმრავლესობას დატოვებს

ხვალ ეკა ბესელია სავარაუდოდ, უმრავლესობას დატოვებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, ხვალინდელი კენჭისყრის შედეგებზე იქნება დამოკიდებული დატოვებს თუ არა უმრავლესობას. ამის შესახებ ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, ახლა მთავარია, რას იზამს უმრავლესობა, შეაჩერებს თუ არა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას და სწორედ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას დარჩება თუ არა უმრავლესობაში.

"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს, რომელიც მართლმსაჯულების თემას ეხება. რაც შეეხება საკითხის კონსტიტუციურობას, მე ვფიქრობ, ეს არის საბაბი. ამის შესახებ ხვალ გვექნება მსჯელობა. მე მოვისმენ არგუმენტებს. არანაირი გადაწყვეტილება და არც მითითება, რომ მე დავტოვო უმრავლესობა, ხელმძღვანელების მხრიდან არ ყოფილა. პირადად ჩემი გადაწყვეტილება, დავტოვებ თუ არა უმრავლესობას, დამოკიდებული იქნება ხვალინდელ კენჭისყრაზე. ბევრი საკითხი დაგროვდა, რომელსაც ვაკვირდებოდი. მე ეს პროცესი გავაანალიზე და ვნახოთ, როგორი იქნება განხილვის შედეგები. სწორედ ამ შედეგებზე აისახება ჩემი გადაწყვეტილება. ახლა მთავარია, რას იზამს უმრავლესობა. შევაჩერებთ თუ არა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, კანონპროექტი პარლამენტის ცხრა წევრმა მოამზადა. ცვლილებების თანახმად, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. კანონპროექტს ხელს აწერენ ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.