“აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი ყოველთვის იყო ჩვენს ცნობიერებაში…”

“აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი ყოველთვის იყო ჩვენს ცნობიერებაში…”

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები ყოველთვის იყო ჩვენს ცნობიერებაში, სამწუხარო ის არის, რომ საერთაშორისო ფორმატები, რომლებიც კონფლიქტების განმუხტვისა და გრძელვადიან პერსპექტივაში გადაწყვეტისკენ იყო მოწოდებული, ვერ განვითარდა, – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გერმანიის პრეზიდენტს ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა მიმართეს კითხვით – “რამდენად აქტუალურია დღეს საერთაშორისო დღის წესრიგში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები და უკრაინასთან შედარებით, ხომ არ არის საქართველოს საკითხი მივიწყებული”? – რაზეც ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა უპასუხა:

„თქვენ იკითხეთ, შეიძლება თუ არა, კონფლიქტი დავაბრუნოთ საზოგადოებრივ ცნობიერებაში. საზოგადოებრივი ცნობიერება დიდწილად არის დაკავშირებული პრესასთან. 2008 წელს კონფლიქტის დროს ეს ბევრად მრავლისმომცველი და ფართო იყო, ვიდრე დღეს არის. მათთვის, ვინც ევროკავშირში საერთაშორისო ურთიერთობების დაკომპლექტებით არიან დაკავებულნი, ეს კონფლიქტი ბოლო ორ წელიწადში ძალიან აქტუალური გახდა იმ თვალსაზრისით, თუ როგორ შეიძლებოდა შეფასებულიყო ის ხელშეკრულებები, რომლებიც რუსეთმა გააფორმა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ჩვენი პოზიცია იყო, რომ ეს შეთანხმებები იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა. ამ თვალსაზრისით, ეს კონფლიქტები ყოველთვის ჩვენს ცნობიერებაში იყო. სამწუხარო ის არის, რომ არსებული ფორმატები საერთაშორისო დონეზე, რომლებიც კონფლიქტების განმუხტვისა და გრძელვადიან პერსპექტივაში ამ კონფლიქტების გადაწყვეტისკენ იყო მოწოდებული, ვერ განვითარდა“, – განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ბელვიუს სასახლეში შეხვდა.

შეხვედრებზე, რომლებიც ბელვიუს სასახლეში პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გაიმართა, მხარეებმა საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფები განიხილეს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრებზე განაცხადა, მნიშნელვანია, რომ საქართველოს ევროპის გულში, გერმანიის სახით, ასეთი ერთგული მეგობარი ჰყავდეს. გერმანია და საფრანგეთი არიან ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ხელს შეუწყობენ იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა მალე გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-გერმანიის ურთიერთობები, მისი ვიზიტის შემდეგ, ახალ ეტაპზე გადავა.