ტრამპის ადმინისტრაცია ჰომოსექსულობის გლობალური დეკრიმინალიზაციის კამპანიას იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ NBC-ი ავრცელებს.
კამპანიის სამიზნე ის ქვეყნები არიან, სადაც ჰომოსექსუალობა ჯერ კიდევ დანაშაულად ითვლება. პროგრამას უხელმძღვანელებს აშშ-ის ელჩი გერმანიაში, რიჩარდ გრენალი - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველაზე მაღალი რანგის ჩინოვნიკი, რომელიც ღია გეია.
კამპანიის დაწყების აღანიშნავად გერმანიაში აშშ-ის საელჩოში მიიწვიეს ლგბტ აქტივისტები სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან, თუმცა ინიციატივის სამიზნე ძირითადად ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და კარიბის აუზში მდებარე ქვეყნებია.
ქვეყნების რაოდენობა, სადაც ჰომოსექსუალობა დანაშაულად ითვლება მსოფლიოში 72-ია, 8 მათგანში კი სიკვდილით ისჯება.
ითვლება, რომ პროგრამის დაწყების მიზეზი ირანში ახალგაზრდა მამაკაცის დასჯა გახდა - ის ჰომოსექსუალობის გამო ჩამოახრჩვეს.
ირანი აშშ-ის დიდი ხნის პოლიტიკური მოწინააღმდეგეა, მაგრამ იმ ქვეყნების სიაში, სადაც ეს დანაშაულად ითვლება, შედის აშშ-ის მოკავშირეებიც: საუდის არაბეთი, პაკისტანი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები და ავღანეთი.
ამ ეტაპზე მსოფლიოს 24 ქვეყანა გეი-ქორწინებას აღიარებს, 28-ში კი სამოქალაქო კავშირის გაფორმებაა შესაძლებელი. 2015 წელს ერთნაირსქესიანთა ქორწინება ნებადართული გახდა აშშ-ის ყველა შტატში.