განათლების ექსპერტი რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში, ორგანიზაცია “თანადგომას” წარმომადგენელი, ხატია ახალაიას სექსუალური განათლების შესახებ ვიდეოგაკვეთილებს ეხმაურება.
ხათუნა ხაჟომია აცხადებს, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ამ სახის განათლებას სხვადასხვა სახელს არქმევენ, მათ შორის, ცხოვრების ჯანსაღი წესი და ა.შ. ამიტომ მნიშვნელობა არა აქვს, რა დაერქმევა მას ოფიციალურად, რადგან ამაზე პასუხისმგებელი არის სახელმწიფო.
ხათუნა ხაჟომიას თქმით, ის, რასაც აკეთებს ხატია ახალაია, ეს არის არაფორმალური ნაწილი.
„ამ ეტაპზე ჩვენ ჩამოყალიბებული ვართ, რომ ამ თემებზე საუბარს დავარქვათ განათლება ცხოვრების ჯანსაღი წესის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების შესახებ – აი, როდესაც ამ ტერმინებს ისმენს ადამიანი – “ის წითელი ინთება”? – თუმცა, შინაარსი არის იგივე, გარდატეხის ასაკზე მივაწოდოთ ინფორმაცია, რეპროდუქციულ სისტემაზე, გამრავლების სისტემაზე და ყველა იმ დეტალზე, რაზეც ახლა არის კამათი, რომლის გამოც, ძალიან უარყოფით კომენტარებიც მოდის. სტიგმა მოიხსნება ინფორმაციასთან ერთად. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთი მიზანი, ეს არის მთავარი და არა ის, მაგალითად რა ტერმინებით, საშუალებებით ვაღწევთ ამას.
საერთაშორისო სტანდარტებს მინდა შევეხო, არის იუნესკოს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტი – სქესობრივი განათლების სფეროში, სადაც 5 წლიდან 18 წლის ჩათვლით არის დაჯგუფებული თემები, რომლებზეც მათ ინფორმაცია მიეწოდებათ.
მინდა ყველას ვუთხრა, რომ სქესობრივი განათლება სექსის სწავლებას არ გულისხმობს. ეს არის პასუხისმგებლობითი დამოკიდებულება მშობლების, პარტნიორების, მეგობრების მიმართ. ეს არის ძალიან ფართო ცნება, რომელიც უნდა ისწავლებოდეს საბავშვო ბაღიდან. მაგრამ ის კი არა, რომ რა არის სექსი და რა არის ეროგენული ზონები საბავშვო ბაღის ასაკში, მაგრამ იქ სხვა აქცენტები კეთდება, რომლითაც ვამზადებთ ბავშვს და გარდატეხის ასაკში ვაწვდით ინფორმაციას, რაც არის მისთვის მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა ხათუნა ხაჟომიამ.
მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ამ შემთხვევაში სწორად იქნეს დაცული ასაკობრივი ცენზი, თუ რომელ ასაკში რა სახის და რა რაოდენობის ინფორმაცია შეიძლება, ბავშვს მიეწოდოს.
“ასევე საერთაშორისო სტანდარტით დადგენილია, რომ მანამ სანამ გარდატეხის ასაკი დადგება, ბავშვმა უნდა იცოდეს ყველაფერი მისი ფიზიოლოგიის შესახებ, მაგრამ უკვე რაც შეეხება სექსუალურ საკითხებს, რომელიც გულისხმობს პარტნიორულ ურთიერთობას, ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ მაღალ კლასებში ისწავლებოდეს.
ექსპერტთა ჯგუფი ამ საკითხებზე ძალიან დიდი ხანია მუშაობს, მართლა მიზანზე ვართ ორიენტირებული და არა პიარზე”, – განაცხადა ხათუნა ხაჟომიამ.