„საქართველოსთვის ეს უცხო ხილი არ არის და არც პროკურატურას გაუკეთებია ეს პირველად. კარგად გვახსოვს სააკაშვილის დროს როგორ იჭერდნენ უდანაშაულო ხალხს და მერე როგორ ართმევნენ ქონებას, მათ შორის ბანკირებს.
„თიბისი ბანკის“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით მხოლოდ ვერსიებს ვისმენთ, რომელიც შესაძლოა ფულის გათეთრებას უკავშირდებოდეს; ეს მუხლი კი 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ასევე შეიძლება დაეკისროთ ფულადი ჯარიმა იმ ოდენობის, რომ ბანკის წილის გაყიდვა მოუხდეთ.
„მე ადვოკატი ვარ და არა პროკურორი, ამიტომ გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ არ მგონია, რომ ისტორია წრეზე დატრიალდეს“, - ასე ეხმაურება იურისტი ლია მუხაშავრია ოპოზიციის მოსაზრებას, რომ „თიბის ბანკის“ დამფუძნებელებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ფულის გათეთრების საბაბით შესაძლოა ბრალი ოფიციალურად წაუყენონ და დააპატიმრონ.
შეგახსენებთ, რომ 14 თებერთვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძისა და მის მოადგილის ბადრი ჯაფარიძის „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა მოითხოვა, რისთვისაც „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას 2 თვიანი ვადა დაუწესა. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით კი შემოწმებისას გამოვლინდა 2007-2008 წლებში კანონის დარღვევით ჩატარებული ტრანზაქცია, რომელიც შესაძლოა ფულის გათეთრებას უკავშირდებოდეს.