მთავარია არ გაკეთდეს პოლიტიკური განცხადებები

მთავარია არ გაკეთდეს პოლიტიკური განცხადებები

„რეზონანსული თემაა, თანაც „თიბისი“ არ არის მეორე ხარისხოვანი ბანკი, ამიტომ გამჭვირვალობა და საჯაროობა საქმეს წაადგება“, - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მამუკა  ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ერთობლივ განცხადებას, რომ პარლამენტის შესაბამის კომიტეტში გაიმართოს მსჯელობა ბანკის ირგვლივ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, პარლამენტში მისვლისა და საკითხზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად მსჯელობის წინადადება „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა „ევროპული საქართველოდან“ მიიღეს.

„მესმის, რომ არსტანდარტული თემაა, რეზონანსული და ამიტომაც არის საზოგადოების თუ პოლიტიკური ჯგუფების ასეთი დაინტერესება. თანაც „თიბისი“ არ არის მეორეხარისხოვანი ბანკი და ეს არის საკითხი, რომელიც სახელმწიფოებრივი თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.

„არის ბევრი კითხვები, ამიტომ ვფიქრობ, რომ გამჭვირვალობა და საჯაროობა საქმეს წაადგება. შეიძლება ხელისუფლებამ ისაუბროს იმაზე, რომ გამოძიებას ხელი შეეშლება, მაგრამ ეს ჩემთვის გაუგებარია. მთავარია მსჯელობა გაიმართოს კონკრეტულ საკითხებზე, თემის ირგვლივ და არ გადავიდეს პოლიტიკაში, ანუ არ გაკეთდეს პოლიტიკური განცხადებები“, - განაცხადა „რეზონანსთან“ გია ხუხაშვილმა.