ცხინვალის ერთ-ერთ ქუჩაზე ოსი და სომეხი ხალხის მეგობრობის ნიშნად სომხურ ჯვარს აღმართავენ. ამის შესახებ ცხინვალის რეჟიმი ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის დელეგაციასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
როგორც ბიბილოვმა აღნიშნა, ძეგლის დადგმის ინიციატივა სომხურმა დიასპორამ გამოთქვა.
„რესპუბლიკაში ბევრი სომეხი მაღალ თანამდებობას იკავებს. ისინი ღრმად პატრიოტულები არიან და ჩვენი საერთო სამშობლოს ინტერესებს იცავენ. თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ იამაყოთ თქვენი თანამემამულეებით.
„ძეგლი სომხეთის ქუჩაზე დაიდგმება, სკვერთან. დღეს უკვე საორგანიზაციო სახის საკითხები წყდება. ჯვარი, რომელსაც ჩვენ იქ დავდგამთ, ოსებისა და სომხების მეგობრობის სიმბოლო იქნება არა მხოლოდ ჩვენს რესპუბლიკაში, არამედ მთელს მსოფლიოში", - განუცხდა ბიბილოვმა ცხინვალშI ჩასულ სტუმრებს.
მისივე თქმით, ოსებსა და სომხებს ერთმანეთთან მრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებთ. ადგილობრივი მედია წერს, რომ „სამხრეთ ოსეთში" 800-მდე ეთნიკურად სომეხი ცხოვრობს და ბევრმა მათგანმა 2008 წლის ომის დროს დატოვა „რესპუბლიკა".
ცხინვალში თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. საგარეო უწყების დელეგაცია და დე ფაქტო მინისტრი მასის მაილიანია ჩასული. ვიზიტი 21 თებერვლამდე გაგრძელდება.
„სამხრეთ ოსეთი და არწახი - ორი რესპუბლიკაა, რომელთაც ძალიან სერიოზული გამოცდის გავლა მოუწიათ. ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს ისტორიული კუთხით და დიდად ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობებს. უსაფრთხოების საკითხი ჩვენთვის ჯერ არ არის დახურული. ამ კუთხით სამხრეთ ოსეთი, თუკი რუსეთთან თქვენს კავშირებს გავითვალისწინებთ, უფრო კეთილსაიმედო ვითარებაში იმყოფება. ყველა სირთულის მიუხედავად, ბლოკადის პირობებში ვცდილობთ სტაბილურობა შევინარჩუნოთ და ეკონომიკა განვავითაროთ", - განაცხადა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ბიბილოვის პრეს-ცენტრის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი და ერთმანეთში საჩუქრებიც გაცვალეს. ყარაბაღის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ბიბილოვს სიმბოლური საჩუქარი, ხალიჩა გადასცა. ბიბილოვმა კი დელეგაციის წევრებს დე ფაქტო რესპუბლიკის წმინდა ადგილებით გამოსახული ვერცხლის მონეტები და ღირშესანიშნაობების ფოტოალბომი აჩუქა.