მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, რეფორმებს სასამართლო სწორი მიმართულებით მიჰყავს (ვიდეო)

მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, რეფორმებს სასამართლო სწორი მიმართულებით მიჰყავს (ვიდეო)

საქართველოს მოსახლეობის 51% სასამართლოს დამოუკიდებლობას დადებითად აფასებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფოგრაფიკის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა დადებითად აფასებს მართლმსაჯულების სისტემას და მოსამართლეების დამოუკიდებლობას.

მოსახლეობის 52 პროცენტი ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში სასამართლო სანდოა. ეს იმ ფონზე, როდესაც სასამართლოს შესახებ ცრუ ინფორმაცია ინტენსიურად ვრცელდება.

კვლევის თანახმად, მოქალაქეების 55 პროცენტისთვის სასამართლო სამართლიანია, მაშინ, როცა გარკვეული ჯგუფები მოსამართლეების დისკრედიტაციას ახდენენ.

გამოკითხულთა 46 პროცენტი ფიქრობს, რომ დღეს სასამართლო მიუკერძოებელია, 54 პროცენტის აზრით კი, სასამართლო უფრო მეტად, ან ისეთივე მიუკერძოებელია, როგორიც ხუთი წლის წინ.

სასამართლო დამოუკიდებლობის კომპონენტში საქართველო ევროპული სახელმწიფოების საშუალო მაჩვენებელს უტოლდება.

კვლევის თანახმად, სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომლებიც 2013 წლის შემდეგ გატარდა, ხელი შეუწყო სასამართლო სერვისების გაუმჯობესებას (52%), სასამართლო გახდა უფრო ღია და გამჭვირვალე (49%), დაიხვეწა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა (46%) ამაღლდა მოსამართლეთა პროფესიონალიზმი (43 %)

მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, რეფორმებს სასამართლო სწორი მიმართულებით მიჰყავს.

ქვეყნის მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს სახით 2013 რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევა იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით კონსორციუმებმა „IPSOS France"-მ, „Amicus Curiae"-მ, პროფესორმა იან ვან დაიკმა და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბმა" ჩაატარეს.