პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატმა ეკა ბესელიამ და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იკამათეს.
პლენარულ სხდომაზე ეკა ბესელია დაინტერესდა, რატომ უნარჩუნდება სახელმწიფო დაცვა დავით ბაქრაძეს, ვინ იყო ამის ინიციატორი და რა არგუმენტაციით. აქვე ბესელიამ პროექტზე მომხსენებელს, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელ ანზორ ჩუბინიძეს მიმართა, რომ მისი ინფორმაციით, იდეა სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან არ მოდიოდა და ეს იყო "ბატონი ირაკლის შეთავაზება".
ეკა ბესელიას ირაკლი კობახიძემ უპასუხა და როგორც განაცხადა, საკითხის ინიციატორი თავად არ იყო.
თავის მხრივ, ბესელიამ კობახიძეს ურჩია, რომ "ნუ ამეცადინებს იურისტებს, რომლებიც კანონს კარგად კითხულობენ".
"კანონს კარგად რომ ვკითხულობ, კითხვას ამიტომ ვსვამ! მე არ ვიცი, ეს ვისი ინიციატივა იყო! ეს ალბათ, თქვენ იცით, ვისი ინიციატივაც იყო. არ ვიცი, ვინ არის ავტორი ამ არაჩვეულებრივი მიგნების. ამდენ მეცადინეობას ჯობია, პასუხი მივიღოთ კითხვაზე, თუ ვინ იყო ინიციატორი და რატომ", - მიმართა ბესელიამ ირაკლი კობახიძეს.