ჩრდილელი: ყველაფერი ეს ნათლად მიანიშნებს რომ იზრდება ნატოს ხილვადობა საქართველოში და გზავნილი-მეტი ნატო საქართველოში, რეალობაა

ჩრდილელი: ყველაფერი ეს ნათლად მიანიშნებს რომ იზრდება ნატოს ხილვადობა საქართველოში და გზავნილი-მეტი ნატო საქართველოში, რეალობაა

მსურს გამოვეხმაურო ნატოს თავდაცვის მინისტერიალისა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას, სადაც ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი განხილვები გაიმართა.

მინისტერიალის ფარგლებში თავდაცვის მინისტრს მნიშნველოვანი შეხვედრები ჰქონდა ნატოს გენერალურ მდივანთან და  მოადგილესთან, ასევე ამერიკის ელჩთან ნატოში.

მოგეხსენებათ, მარტის თვეში საქართველოში დაგეგმილია უპრეცედენტო მასშტაბის ნატო-საქართველოს სწავლება, სადაც გაზრდილია, როგორც მონაწილე ქვეყნების, ასევე მონაწილე სამხედროების რაოდენობა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში ქართველი სამხედროები უხელმძღვანელებენ სწავლების, როგორც ორგანიზების, ასევე აღსრულების ფაზებს, რაც ჩვენი სამხედროების უმაღლეს პროფესიონალიზმზე და ნატოსთან სრულ თავსებადობაზე მეტყველებს.

აღნიშნული სწავლების პერიოდში დაგეგმილია ნატოს გენერალური მდივნის, უმაღლესი სამხედრო ორგანოს - სამხედრო კომიტეტისა და ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს ვიზიტები. ასეთი ტიპის უმაღლესი დონის ვიზიტები არის ნატოს მხრიდან უპირობო ნდობისა და უპრეცენდენტო მხარდაჭერის ნათელი დემონსტრირება.

ცხადია, ყველაფერი ეს ნათლად მიუთითებს საქართველოსა და ნატოს შორის გაღრმავებულ ურთიერთობებზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის მიერ თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით გატარებული უმნიშვნელოვანესი რეფორმების შედეგი. 

მინდა ასევე გამოვეხმაურო, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით შემდგარ ვიზიტს, სადაც ის შეხვდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს და მოქმედ თავდაცვის მდივანს და სხვადასხვა მეგობარი ქვეყნის მეთაურებს. შეხვედრების დროს მკაფიოდ გაესვა ხაზი, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობა ყველა დროის ნიშნულზე უფრო მაღალია და ის კიდევ უფრო გაღრმავდება.

ამ ურთიერთობების გასაღრმავებლად, საქართველოს მთავრობა და განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტრო უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს დგამს და ჩვენი რეფორმები სამაგალითოდაა აღიარებული, როგორც ნატოს პარტნიორი, ასევე ზოგიერთი წევრი ქვეყნისთვის. შეხვედრის ფარგლებში ამერიკის თავდაცვის მოქმედმა მდივანმა მხარი დაუჭირა და მიესალმა თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებულ რეფორმებს და მადლიერება გამოხატა იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს შეაქვს ავღანეთში სამშვიდობო ოპერაციაში.

ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-სთან თანამშრომლობის მზარდი დინამიკის კონტექსტში მსურს გამოვყო ამბიციური, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რომელიც წარმატებით ხორციელდება და ჯამში 9 ქვეით სამანევრო ბატალიონს მოამზადებს და აღჭურავს ნატოს სტანდარტებით. სწორედ, საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების შემდეგ გახდა შესაძლებელი თავდაცვის უნარიანობის ზრდის მიმართულებით ისეთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯების გადადგმა, რაც არის უახლესი ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სისტემების - ჯაველინების შესყიდვა.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვითარდება საბრძოლო მომზადების ცენტრი, სადაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სამხედროები როტაციული პრინციპის საფუძველზე, საქართველოს ინფრასტრუქტურის გამოყენებით მეტ სახმედრო სწავლებებს ჩაატარებენ.

ყველაფერი ეს ნათლად მიანიშნებს რომ იზრდება ნატოს ხილვადობა საქართველოში და გზავნილი-მეტი ნატო საქართველოში, რეალობაა. მთავრობა, ასეთი თანმიმდევრული და პრინციპული ნაბიჯებით აუცილებლად მიაღწევს ჩვენს საგარეო პოლიტიკურ მიზანს და საქართველო აუცილებლად გახდება ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრი რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და კეთილდღეობის გარანტი იქნება.