„თიბისი ბანკის" ირგვლივ აგორებულ სკანდალს ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე ეხმაურება, რომელიც თავის მხრივ, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ახალ ბრალდებებს უყენებს. „პრაიმ-თაიმთან" ინტერვიუში „ელიტ-ელექტრონიქსის" დამფუძნებელი ირწმუნება, რომ ფლობს დოკუმენტებს, რომელიც ოფშორში დიდი ოდენობით თანხის გათეთრებას ადასტურებს.
როგორც ქოქოლაძე აცხადებს, საუბარია 10 მილიონ დოლარზე, რომელიც ოფშორში გადაიქაჩა და გათეთრდა და რომელიც უკავშირდება „ელიტ ელექტრონიქსს" და „თი ბი სი" ბანკს, სადაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პირადად ფიგურირებდნენ.
"კონკრეტულად 17 მილიონს რაც შეეხება, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმ თემებზე, რაც ღია წყაროებით არსებობს და რა ინფორმაციასაც ვფლობთ, თუმცა, ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვამტკიცო, რა დოკუმენტური მტკიცებულებებიც გაგვაჩნია, ეს ეხება 10 მილიონი დოლარის გადაქაჩვას ოფშორში და გათეთრებას, რომელიც უკავშირდება „ელიტ-ელექტრონიქსს" და „თი ბი სი" ბანკს, სადაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პირადად ფიგურირებდნენ. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, ეს დაიწყო 2009 წელს, კომპანია, რომელსაც 14 წლის განმავლობაში ვაშენებდი, ერთ ღამეში ფარულად გადაიფორმეს ნაციონალური რეჟიმის მხარდაჭერით, შემდეგ როგორც დოკუმენტებით გაირკვა, 2012 წელს „თი ბი სი" ბანკმა ოფშორულ კომპანია „დაუ ინვესტმენტთან" გააფორმა ხელშეკრულება 10 მილონ დოლარის ვალდებულების 1,5 მილონად დათმობის შესახებ და შემდეგ ეს 10 მილიონი დოლარი „ელიტ ელექტრონიქსიდან" გადაქაჩეს ოფშორულ კომპანიაზე „დაუ ინვესტმენტში". ამაში ჩართულები იყვნენ როგორც ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, ისე მათი ბიზნესპარტნიორები მიხეილ ბენიმინი, საულ ზილბერშტეინი, დორი გროსმანი და ოდიტ შაჰნაი. როგორც ჩანს, ჩამოყალიბებული ქონდათ ოფშორულ კომპანიებში ფულის გადაქაჩვის და შემდეგ გათეთრების გარკვეული სქემები. ამის უარყოფა შეუძლებელი იქნება, რადგანაც გვაქვს კონკრეტული დოკუმენტები, რომ ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ 2012 წელს თიბისი ბანკის კუთვნილი 10 მილიონი დოლარი ელიტ ელქტრონიქსიდან ოფშორში გადაქაჩეს და გაათეთრეს" აცხადებს ქოქოლაძე.
მისი თქწმით, „ელიტ-ელექტრონიქსს" ჰქონდა ბანკის ვალი და ბანკმა ამ ვალის მოთხოვნა დაუთმო ოფშორში არსებულ კომპანიას, რომლის უკანაც იყვენ ხაზარაძე და ჯაფარიძე
„ 10 მილიონი დოლარი მილიონ ნახევრად გადაყიდა, ანუ, გადააფორმა ოფშორულ კომპანიაზე, „თი ბი სი" ბანკმა მიიღო ოფშორული კომპანიისგან მილიონ ნახევარი დოლარი. ბანკმა დაკარგა დაახლოებით 8,5 მილიონი დოლარი, ანუ, სხვა აქციონერებს „მოუტეხეს", ხოლო თავის მხრივ ბიუჯეტმა ამ სქემით 1,7 მილიონი დოლარი იზარალა მოგების გადასახადის ნაწილში, რადგანაც ბანკმა ეს თანხა ჩამოწერა, ელიტ ელექტრონიქსიდან კი რეალურად გადაირიცხა ოფშორში. გარდა მოგების გადასახადის 20 პროცენტისა, დამატებით მოუწევდა 5 პროცენტი დივიდენდის გადასახადი, პირად ანგარიშზე რომ მოეხვედრბინა თანხა. ანუ ჯამში ამ ტრანზაქციით ბიუჯეტმა დაკარგა 4 150 000 დოლარი. პროკურატურის ბოლო მასალებიდანაც დაახლოებით ანალოგიურ სქემას ვეცნობით. ერთ რამეს ვიტყვი - ვერც მამუკა ხაზარაძე და ვერც ბადრი ჯაფარიძე ვერ იზამდნენ ვერცერთ კომბინაციას, რომ არა ნაციონალური ხელისუფლების მხარდაჭერა. ამ სქემებში მკაფიოდ ისახება, როგორც ხელისუფლების, ისე იმ დროინდელი ეროვნული ბანკის მონაწილეობა, სხვანაირად ეს შეუძლებელი იქნებოდა. რაც შეეხება კონკრეტულ ქეისს - 17 მილიონი დოლარის გადატანას, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ავთანდილ წერეთელი უფრო მსხვერპლის როლშია, როგორც კლიენტს სთხოვა, გადარიცხვა მოეხდინათ და ეტყობა უარი ვერ უთხრა და უხერხულობაში და შარში გახვიეს. მაგრამ ეს თანხა, როცა ნახა, რომ არ იყო მთლად სწორი, ალბათ მოითხოვა... მე ასე მგონია, რასაც ვხედავ ინფორმაციას, მოითხოვა 2012 წელში თანხა განულებულიყო, ან გადაეტანათ და ამის გამო გადაიტანეს ოფშორულ კომპანიაში. ოფშორული კომპანიის სტილი, როგორც გითხარით, ეს ერთეული შემთხვევა არ არის, სავარაუდოდ სხვა შემთხვევებიც იქნება, „ელიტ-ელექტრონიქსის" შემთხვევაში კონკრეტული დოკუმენტაცია გაგვაჩნია, რომ გადაქაჩეს და გაათეთრეს 10 მილიონი დოლარი. მე მოვისმინე მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ ეს თანხა ისევ „თი ბი სი" ბანკს მოვახმარეთო. თუ ბანკს მოხმარდა, რატომ გადაქაჩეს ოფშორში, ეს ხომ ისედაც ბანკის თანხა იყო, თან როგორც ირკვევა, ამ ოფშორსაც თვითონ ფლობდნენ. სინამდვილეში სხვა რამესთან გვაქვს საქმე. შეუძლებელია „თი ბი სი" ბანკს მოაკლო თანხა, აიღო კომპანიიდან, ოფშორში გადაქაჩო და გაათეთრო და შემდგომში, ფაქტზე წასწრებულმა იძახო, ვაძლიერებდი ბანკსო. ეს არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. სავარაუდოდ, ამ სქემით სხვა პარტნიორებს „მოუტეხეს" ეს თანხა, როგორც ვიცით 21% მათ ეკუთვნით, ხოლო დანარჩენი 79% სხვა პარტნიორებს" აცხადებს ქოქოლაძე.