"ვინც ჩაშლის ანაკლიის ისტორიულ პროექტს, ხალხი ზღვაში დაახრჩობს"

ის, ვინც ჩაშლის ანაკლიის ისტორიულ პროექტს, ხალხი დაახრჩობს ანაკლიის ღრმაწყლოვან ზღვაში, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „თიბისი ბანკის" საქმეზე საუბრისას განაცხადა.

გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის მსხვილი ბიზნეს-სტრუქტურების ხელში ჩაგდება ხდება.

„თიბისი ბანკის" საქმეზე საუბრისას რომან გოცირიძემ უმრავლესობას მოუწოდა „შეეშვას სახიფათო თამაშს".

„ასეთი სქემებით ხდება, ფაქტობრივად, ქვეყნის მთავარი ბიზნეს-სტრუქტურების ხელში ჩაგდება და ახლა მიადგნენ „თიბისი ბანკსა" და იმ პროექტებს, რომლებსაც ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ვაფრთხილებთ საქართველოს ხელისუფლებას - შეეშვას სახიფათო თამაშს. ის, ვინც ჩაშლის ანაკლიის ისტორიულ პროექტს, ხალხი დაახრჩობს ანაკლიის ღრმაწყლოვან ზღვაში. გინდ სიმბოლურად გაიგეთ ეს სიტყვები და გინდ სხვა მნიშვნელობით. არავის არ ეპატიება ამ პროექტის ჩაძირვა. კეთილი ინებეთ და გამოფხიზლდით უმრავლესობა", - განაცხადა რომან გოცირიძემ.