“თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მისი კომპანია იმ სამუშაო გრაფიკიდან არ ამოვარდნილა, რა გრაფიკზეც ხელი აქვს მოწერილი სახელმწიფოსთან.
ხაზარაძის განცხადებით, 2020 წელს ანაკლიის პორტი პირველ გემს აუცილებლად მიიღებს.
"ამ თემასთან დაკავშირებით, ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ. მთელი გულწრფელობით ვლაპარაკობთ, რომ არც ანაკლიას ვეფარებით და არც ბანკს. ჩვენი სამართალი და ჩვენი პატიოსნება არის თქვენს წინ. მე გითხარით იმის შესაძლებლობა, რომ მაისში და ივნისში ჩვენმა ქვეყანამ უნდა მიიღოს ყველაზე დიდი დაფინანსების წყარო მსოფლიოს ექვსი წამყვანი საფინანსო ინსტიტუტიდან, მათ შორის ორი სახელმწიფო ბანკია - გერმანიის და ჰოლანდიის; ასევე, ევრობანკი, ოპეკი, აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის და განვითარების, ინვესტიციის ბანკი - 600 მილიონ დოლარზეა ლაპარაკი. ეს არის პირველი ფაზის დაფინანსება.
აქვე მინდა გითხრათ, რომ ერთი წამითაც არ ამოვარდნილა ჩვენი კომპანია იმ სამუშაო გრაფიკიდან, რა გრაფიკზეც სახელმწიფოსთან ხელი გვაქვს მოწერილი. ახლაც ისე იგეგმება 2020-ში პირველი გემის მიღება, თუ რა თქმა უნდა, ასეთმა ფაქტებმა ხელი არ შეუშალა. საქმე აღარ ეხება "თიბისის“, აღარ ეხება კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს პერსპექტივას, ჩვენს მომავალს. ყველა დაინტერესებულ მხარეს და პარლამენტს იმიტომ მოვუწოდეთ, რომ დროზე გაირკვეს სიტუაცია, დროზე დაიხუროს არარსებული თემები, რათა ყველა დავუბრუნდეთ ჩვენს საქმეს და ვაკეთოთ ჩვენი პირდაპირი საქმე - ბიზნესის კეთება“, - განაცხადა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, მთავარმა პროკურატურმა გამოძიება “თიბისი ბანკიდან” დაკავშირებით, შემოსავლების უკანონო ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რომლის მთავარი ფიგურანტი მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი არიან.
საქმეს ეხება 2008 წელს აპრილში და მაისში მომხდარ ფაქტს, ავთანდილ წერეთლის კომპანიებმა შპს "სამგორი თრეიდმა“ და შპს "სამგორი M”-მა, "თიბისი ბანკისგან", დაჩქარებული წესით 17 მილიონ აშშ დოლარის მიიღეს. ამის შემდგომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ იგივე ოდენობის 17 მილიონი დოლარი ისესხეს აღნიშნული კომპანიებიდან. "სამგორი თრეიდს“ და შპს "სამგორი M”-ს აღნიშნული სესხები ბანკიდან ჩამოეწერათ ვალების გასტუმრების გარეშე.
2019 წლის 13 თებერვალს კი ეროვნულმა ბანკმა “თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილე ბადრი ჯაფარიძეს, ხელმოწერის უფლება შეუჩერა.