დონალდ ტრამპის წინააღმდეგ შეთქმულებაზე შესაძლოა გამოძიება დაიწყოს

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ შეთქმულებაზე შესაძლოა გამოძიება დაიწყოს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ შეთქმულების საქმეზე შესაძლოა გამოძიება დაიწყოს. ამის შესახებ BBC წერს.

აშშ-ის სენატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პირობა დადო, რომ ეს საკითხი მოკვლევის საგანი აუცილებლად გახდება. ეს განცხადება კი მას შემდეგ გაკეთდა, რაც FBI-ის დირექტორის ყოფილმა მოადგილე ენდრიუ მაკკეიბმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ ტრამპის იმპიჩმენტი იგეგმებოდა.

გარდა ამისა, New York Times-ის ცნობით, როდ როზენშტეინი კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედებას გეგმავდა, რომლის თანახმადაც, ტრამპის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ უფლებამოსილებას ვიცეპრეზიდენტი გადაიბარებდა. მოგვიანებით, როზენშტეინმა ამ ცნობას ცრუ უწოდა.

მაკკეიბისვე თქმით, პრეზიდენტზე ფარული მიყურადების თაობაზე როზენშტეინმა ინიციატივა 2017 წელს დახურულ შეხვედრაზე წამოაყენა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც დონალდ ტრამპმა ჯეიმს კომი გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობიდან დაითხოვა.

მაშინ როდესაც FBI-ის დირექტორის პირველი მოადგილე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკვე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მისი გათავისუფლება FBI-ს და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის “ომის“ ნაწილი იყო

2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.

გამოძიების ფარგლებში ამოწმებენ ინფორმაციას დონალდ ტრამპის და მისი გარემოცვის რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირებზე. ამ საქმის ფიგურანტები არიან ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი და ტრამპის ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი.