ტრამპის უფროსი შვილი ჯასი სმოლეტს საკუთარ თავზე თავდასხმის ინსცენირებაში ადანაშაულებს

ტრამპის უფროსი შვილი ჯასი სმოლეტს საკუთარ თავზე თავდასხმის ინსცენირებაში ადანაშაულებს

იანვარში სერიალ "იმპერიის" მსახიობსა და მუსიკოსს ჯასი სმოლეტს ქუჩაში თავს დაესხნენ. სმოლეტმა მომხდარს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშული უწოდა. მსახიობის თქმით, თავდამსხმელების მხრიდან ჰომოფობიური და რასისტული გამონათქვამები ესმოდა.

ის საავადმყოფოში სხვადასხვა სახის დაზიანებით მოხვდა. სმოლეტი ფიქრობს, რომ მას თავს მისი სექსუალური ორიენტაციისა და კანის ფერის გამო დაესხნენ. სმოლეტს მხარდაჭერა მსახიობებმა, მუსიკოსებმა და დონალდ ტრამპმა გამოუცხადეს.

მაშინ ტრამპმა Twitter-ზე მომხდარი ფაქტი "საშინლად" შეაფასა და თქვა, რომ "ამაზე უარესი შეიძლება არც არაფერი იყოს".

პოლიციამ თავდასხმაში ბრალდებული ორი პირი დააკავა, რომლებიც შესაძლოა მCახიობის ნაცნობები იყვნენ. ახლა მსახიობს საკუთარ თავზე თავდასხმის ორგანიზებაში ადანაშაულებენ. CNN -მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ პოლიციის მოსაზრებით ჯასი სმოლეტს თავდამსხმელებისთვის თანხის გადახდა და თავდასხმის ინსცენირების მოწყობა შეეძლო. ეს ეჭვი განმარტებულია იმით, რომ კამერების ჩანაწერებზე მხოლოდ მსახიობის გამოსახულება ჩანს. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ვერ იპოვა თოკი, რომლითაც მსახიობის თქმით მის დახრჩობას ცდილობდნენ და ვერც ბოთლი, რომლითაც მას სავარაუდოდ უცნობი ქიმიური ნივთიერება შეასხეს.

ამასთან, CNN-ის ცნობით, მსახიობმა პოლიციას მისი სატელეფონო ჩანაწერების დარედაქტირებული ვერსია მიაწოდა, მაგალითად ჩანაწერებიდან წაშლილი იყო ინციდენტამდე განხორციელებული ზარები. თავად მსახიობი კი ამბობს, რომ მისი ახლობლების პირადი ინფორმაციის გამხელა არ სურს. მისმა ადვოკატებმა CNN-სა და მედიაში გასული ეს ინფორმაცია უარყვეს, თუმცა დაადასტურეს, რომ მსახიობს თავდამსხმელებთან შესაძლოა ნაცნობობა აკავშირებდეს.

16 თებერვალს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფროსმა შვილმა Twitter-ზე ჯასი სმოლეტი საკუთარ თავზე თავდასხმის ინსცენირებაში დაადანაშაულა:

"სავარაუდოდ ჯასი სმოლეტმა სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის ინსცენირება სცადა, რათა ყველა გაესულელებინა, ვინც ტრამპს მხარს უჭერს. მედიის უმეტესობამ კი მისი სიტყვები არა მხოლოდ უბრალოდ დაიჯერა და უტყუარ ფაქტებად მიიღო, არამედ თავს ესხმიან ყველას, ვინც ამ ისტორიას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს", - დაწერა უმცროსმა დონალდ ტრამპმა.