"არანაირი შეზღუდვა არ არის, ნებისმიერ სასულიერო პირს შეუძლია აზიაროს დეკანოზი" -

საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ ე.წ ციანიდის საქმის მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში მოინახულა.

მისი თქმით, მამალაძის ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელია და ჯერჯერობით კვლევებით არ დასტურდება ინსულტი.

"ველოდებოდი, რომ გაცილებით მძიმე იყო მისი მდგომარეობა, საკმაოდ ენერგიულად არის მამაო. მისი მდგომარეობა ექიმების შეფასებით არის საშუალო. რაც შეეხება მკურნალობის პროცედურას, პროფესიონალებმა მითხრეს, რომ ინსულტის შემთხვევაში გათვალისწინებული პროტოკოლის მიხედვით მიმდინარეობს კვლევები.

ჯერჯერობით, კვლევებით, მადლობა ღმერთს, ინსულტს არ ადასტურებენ, თუმცა წინ კიდევ არის რამდენიმე კვლევა, რომელიც პროტოკოლით გათვალისწინებულ დროში ჩატარდება", - ამბობს მამა ანდრია.

რაც შეეხება დეკანოზის ზიარებას, მამა ანდრია ამბობს, რომ "ზიარების შეფერხება არ ხდება".

"ზიარების შეფერხება არ ხდება, მოძღვარი, რომელიც ჩათვლის შესაძლებლად რომ აზიაროს მისი სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი აღსარებიდან გამომდინარე - არანაირი შეზღუდვა არ არის. ნებისმიერ სასულიერო პირს, მღვდელს, მღვდელმთავარს შეუძლია რომ აზიაროს", დასძენს მამა ანდრია ჯაღმაიძე.

დეკანოზ გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში გუშინ ღამით გადაიყვანეს.