„ჩვენ ვართ დაუმთავრებელი წინადადებების ქვეყანა, ყველაფერს ვამბობთ სანახევროდ, არავინ არაფერს ამბობს ბოლომდე და, ბუნებრივია, საზოგადოებაც ვერ იგებს ვერაფერს,“ - განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ .
„საქართველოს მთავრობების ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ეს იყო და არის, ფაქტობრივად, თავის მართლების ისტორია არჩევნების წინ დადებული დაპირებების არშესრულების გამო. ამის მიზეზი ის კი არ არის, რომ არაკომპეტენტური ხალხია მთავრობაში, არამედ ის, რომ უკვე ტრადიციად ჩამოგვიყალიბდა არჩევნების წინ გაზვიადებული დაპირებების გაცემა. ეს დაპირება ზოგჯერ თავად იმასაც სჯერა, ვინც სამოთხეს გვპირდება. ხშირად პირველივე წლიდან იწყებს მთავრობა თავის მართლების რეჟიმში ჩადგომას. ჩვენ ვერასდროს მივედით იმ სიტუაციამდე, რომ გავიაზროთ ის, სად ვართ ახლა და რა არის მომავალი ორი წლის განმავლობაში მიღწევადი. ამის მიზეზი ისიცაა, რომ ამის გაჟღერება ძალიან არაკომფორტულია და გაიგივებულია არჩევნების წაგებასთან. სამწუხაროდ, საზოგადოებას არ ჰყოფნის იმის კომპეტენცია, რომ ზუსტად გაარკვიოს, რა არის შესრულებადი და რა არა.
ტელევიზორის ეკრანიდან ერთმანეთის მიდგომების ლანძღვა-გინებით ქვეყანა წინ ვერ წავა. ამიტომ გვჭირდება ერთიანი სტრატეგია. ჩვენი ეკონომიკის მთავარი გამოწვევა ისაა, თუ რას არ ამბობენ ბოლომდე ლიბერალები და რაზე არ აქვთ პასუხი პროტექციონისტებს.
ქვეყნის განვითარების სტრატეგიის შემუშავება იმიტომ არის აუცილებელი, რომ იგი მომზადების პროცესში ბევრ დახურულ თემას ხსნის. მახსოვს, ადრე მომზადდა სასურსათო უსაფრთხოების პროგრამა, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული ევროკავშირი. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო დოკუმენტი. ძალიან ბევრი ისეთი თემაა, რომელზეც არ ვსაუბრობთ, მაგალითად, საგარეო პოლიტიკა — ჩვენი საგარეო ორიენტირები არ შეესაბამება გრძელვადიან სტაბილურობას. ამაზე საუბარი ცუდ ტონად ითვლება. ჩვენი საგარეო სტრატეგია ვინც შექმნა, მანვე დააწესა კლიშეები, რომელზე საუბარიც არ უნდა. მთავრობამ ღიად უნდა თქვას, რომ ის სამოთხე, რომელსაც დაპირდა მოსახლეობას, 4 წელიწადში მიუღწეველია და აქვე უნდა იფიქროს დაცვის მექანიზმებზე.
ამდენად, სტრატეგიული დოკუმენტის შექმნის პროცესი უნდა დავიწყოთ საგარეო პოლიტიკიდან და უნდა მივიდეთ ლიბერალური ეკონომიკის ყველა გამოწვევის დახასიათებამდე. უნდა ავხსნათ ყველა დაცვითი მექანიზმი. უნდა გავარკვიოთ ის, თუ საით მივდივართ და რა შედეგებს მოიტანს ასეთი ტიპის ეკონომიკა, როცა გვაქვს ღია ბაზარი, საგარეო სიტუაცია დაძაბული და ამასთან არსებული სიტუაციის აღქმა საზოგადოების მხრიდან არ არსებობს,“ - განაცხადა რადიო „კომერსანტის“ ეთერში რომან კაკულიამ.