მთავარია „კლანს" დაუმტკიცო ერთგულება და მოსამართლის მანტია უვადოდ გაქვს გარანტირებული - ეს განცხადება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა გააკეთა.
ნაზი ჯანზეშვილმა დღეს საბჭოს სხდომაზე განსახილველ მთავარ საკითხზე ისაუბრა. ამ წუთებში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადო მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების კენჭისყრის პროცედურა მიმდინარეობს. დღეს საბჭო 8 კანდიდატს უყრის კენჭს.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს განიხილავს იმ მოსამართლეების უვადოდ გადანიშვნის საკითხს, რომელთა უმრავლესობამ მოგვმართა გასული წლის თებერვალში და შემდგომ პერიოდში. პრობლემური არის ის, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავად ხელოვნურად, 1 წლით შეაჩერა უვადოდ დანიშვნები მაშინ, როდესაც ინიშნებოდნენ ირაკლი ბონდარენკო, ვასილ მშვენიერაძე, ირაკლი შენგელია და სხვები. მათ ეს საკითხი განიხილეს დაახლოებით, სამ ან მაქსიმუმ ხუთ თვეში. ამ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხებოდა ჩვეულებრივ მოსამართლეებს, როგორც გვრიტიშვილი უწოდებს, უბრალო მოსამართლეებს, მათი საკითხი ხელოვნურად ერთი წლით გაჭიანურდა. თუმცა, აქ საინტერესოა ის, რომ მოსამართლეები, რომელთა საკითხი დღეს განიხილება, მათი უმრავლესობა გვიპირისპირდებოდნენ და აყვნენ ვასილ მშვენიერაძის მოწოდებას, როდესაც ის მიუთითებდა, რომ მოსაზრება გამოეთქვათ ჩემი და ანა დოლიძის შესახებ. ანუ, რეალურად ამ ადამიანების უმრავლესობა და არა ყველა, სანამ მათი კენჭისყრის საკითხი დადგებოდა გამოირჩეოდნენ იმით, რომ თავი მოეწონებინათ „კლანისთვის", რადგან ჩვენს წინააღმდეგ წერდნენ სხვადასხვა განცხადებებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს პროცესი არის ხარვეზიანი", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.