ბიძინა ივანიშვილმა მისი კუთვნილი თანხის უკანონო მითვისებაზე 2006 წელს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს განცხადებით მიმართა და გარკვეული პირების მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარება მოითხოვა. აღნიშნული განცხადება სოციალურ ქსელში ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გაასაჯაროვა.
ივანიშვილის მერაბიშვილისადმი მიწერილ წერილში წერია:
"გაცნობებეთ, რომ 2004 წლის ბოლოს გადავწყვიტე დაბა წყნეთში ამეშენებინა საცხოვრებელი სახლი. იქიდან გამომდინარე, რომ მე 2005-06 წლებში ვგეგმავდი ქვეყნიდან პერიოდულად გასვლას, რაც თავის მხრივ, შეაფერხებდა სამშენებლო სამუშაოებს, გადავწყვიტე, აღნიშნული საქმის ორგანიზება ჩემი ნათესავებისათვის, ირმა ხვედელიძისათვის და მისი მეუღლისთვის, გრიგოლ ბერაძისთვის მეთხოვნა. მოძიებული და შეძენილი იქნა შესაბამისი მიწის ნაკვეთი, რომელიც ზემო აღნიშნული მიზეზების გამო, ირმა ხვედელიძეზე გაფორმდა.
ასევე ჩემს მიერ გაცემული იქნა ჩემი ანგარიშის მართვის მინდობილობა ჩემს ნათესავზე და ნდობით აღჭურვილ პირზე, ნათელა ყალიჩავაზე, რათა ჩემი არყოფნის პერიოდში არ შეფერხებულიყო მშენებლობის დაფინანსება.
პროექტის სავარაუდო ფართი შეადგენდა დაახლოებით 600 კვ/მ და შესაბამისად, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით და იმ კონტრაქტის საფუძველზე, რომელიც გაფორმდა სამშენებლო კომპანიასთან, სავარაუდო ღირებულება უნდა ყოფილიყო 248 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.
აქვე აღვნიშნავ, რომ მე არ მყავდა ნათელა ყალიჩავა გაფრთხილებული პროექტის სავარაუდო ღირებულების შესახებ და მას ჰქონდა ზოგადი მითითება ამ მშენებლობის დაფინანსებასთან დაკავშირებით.
როდესაც ამ მშენებლობის დასრულების სტადიაზე დავინტერესდი დახარჯული თანხების ოდენობით აღმოჩნდა, რომ გრიგოლ ბერაძემ, რომელსაც ურთიერთობა ჰქონდა ნათელა ყალიჩავასთან, ისარგებლა რა მასთან ნათესაური კავშირით და ნდობით, სავარაუდოდ 248 000 დოლარის სანაცვლოდ, ამ მშენებლობის დაფინანსების მოტივით მას 1 070 355 დოლარი გამოართვა, რითაც მან ჩემი კუთვნილი 800 000 დოლარზე მეტი მიითვისა.
გთხოვთ, შეისწავლოთ აღნიშნული საკითხი და მისცეთ გრიგოლ ბერაძის ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“, - წერია განცხადებაში.
აღნიშნული წერილის შემდეგ გრიგოლ ბერაძით სამართალდამცავები მართლაც დაინტერესდნენ და მის მიმართ შესაბამისი განაჩენიც დადგა.