რუსეთის სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით, 334 დეპუტატმა 47-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა „სუვერენული ინტერნეტის" შესახებ კანონპორექტს, რომელიც რუსეთის საერთაშორისო ინტერნეტიდან „გამოთიშვას" გულისხმობს, რაც რეალურად შესაძლოა ითქვას, რომ რუსეთის მოსახლეობის ცალკე გამოყოფას, გამიჯვნას გამოიწვევს, - მიიჩნევენ ექსპერტები.
მიმდინარე წლის პირველ აპრილამდე რუსეთის ხელისუფლება ქვეყანაში ინტერნეტის სატესტო გათიშვას გეგმავს, რის შემდეგაც ინტერნეტის სრული გრაფიკი ადგილობრივ სერვერებზე გადაერთვება, - საერთაშორისო დონეზე ინტერნეტი გაითიშება და კომუნიკაცია მხოლოდ ქვეყნის შიგნით არსებულ კომპანიებსა და ორგანიზაციებს შორის შენარჩუნდება. ტესტირების ჩატარების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
კანონპროექტის ავტორის ლიუდმილა ბოკოვას თქმით, კანონპროექტი დამატებით რესურსებს არ მოითხოვს, - ეს ხარჯები უკვე გაწერილია დამტკიცებულ 2021 წლის ბიუჯეტში, თუმცა, კონკრეტულ თანხას რუსი დეპუტატი არ ასახელებს.
რუსეთში ინტერნეტის გათიშვა რას გამოიწვევს, რა შედეგით დასრულდება და საერთოდაც, რუსეთის მიზანს რა წარმოადგენს, აღნიშნულთან დაკავშირებით „რეზონანსი" საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს ირაკლი მენაღარიშვილს ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთის ეს მცდელობა, საბოლოოდ მხოლოდ ერთი შედეგით დასრულდება, - ქვეყნის შიგნით საზოგადოების იზოლირებასა და პოლიტიკურ-ეკონომიკური სტაბილურობის შერყევას გამოიწვევს;
„ეს არის მსოფლიო საინფორმაციო სისტემიდან თავისი მოსახლეობის იზოლირების მცდელობა; ინტერნეტი ერთ-ერთი უმთავრესი, მაგრამ არა ერთადერთი თემაა, რაც მხოლოდ და მხოლოდ მძიმე დარტყმებს მიაყენებს, როგორც ეკონომიკას, ისე პოლიტიკურ სტაბილურობას და უსაფრთხოებას.
„რუსეთის მცდელობა, რომ მიმართოს იმას, რასაც ჩინეთი აკეთებს, იმ რესურსებით და იმ საშუალებებით, რომელიც მას გააჩნია, სამწუხარო შედეგებით დასრულდება," - აღნიშნა მენაღარიშვილმა.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსეთმა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში რუსეთი მოხსენიებული იქნა ამერიკულ ქსელში განხორციელებული კიბერთავდასხმების ავტორად.
საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის ეს ნაბიჯი რას გამოიწვევს და აშშ-სთან მიმართებაში რა როლს ითამაშებს?
ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი არ არის გადადგმული აშშ-ის ერთგვარი პრეტენზიების გათვალისწინებით, არამედ ამას სულ სხვა მიზანი აქვს;
„ამერიკაზე ვერავითარ გავლენას ვერ იქონიებს, რადგან მისთვის ზიანის მომტანი ეს ვერ იქნება; ზიანს ერთადერთი მხოლოდ რუსეთს მოუტანს, თუმცა ეს ნაბიჯი სულაც არ გახლავთ ამერიკის მიერ გაცხადებული პრეტენზიების გამო გადადგმული ნაბიჯი.
„ეს არის მცდელობა, უბრალოდ ქვეყანაში საინფორმაციო სივრცის დავიწროების და მოსახლეობისთვის საინფორმაციო წყაროების გადაკეტვის. რეალურად, ეს არის საკუთარი მოსახლეობის წინაშე შიშის გამოხატულება და სხვა არაფერი," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.