გია ვოლსკი მსაჯულის როლში ვერ იქნება, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებას, რომლის თქმითაც, სცოდავენ უმრავლესობის ერთი თუ მეორე მხრიდან, როდესაც კონკრეტული პერსონების დაპირისპირება მიმდინარეობს ღია ეთერში.
“გია ვოლსკი მსაჯულის როლში ვერ იქნება. მოდით, ამ როლიდან ნუ ველაპარაკებით ერთმანეთს. ახლა არის ის ეტაპი, როდესაც ჭკუის დარიგება არავის სჭირდება. საჭიროა, ყველამ აჩვენოს, ვინ რა პოზიციაზე დგას და ვინ რომელ პრინციპულ საკითხს იზიარებს და რატომ. ამიტომ უმჯობესია, არგუმენტების ჭიდილი იყოს და არა იმის დემონსტრირება, ვინ ვისზე უკეთესია.
აბსოლუტურად ნორმალური და ჯანმრთელი პროცესია, როდესაც სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში მინიმუმ ორ განსხვავებულ მოსაზრებას ვხედავთ. შეიძლება იყოს ორზე მეტიც. ყველა ერთ მოსაზრებაზე რომ ვიყოთ წარმოუდგენელია, იმდენად განსხვავებულია ჩვენი შემადგენლობაც. შეუძლებელია, რომ იმ ადამიანების პოზიციები, ვინც მუდმივად იბრძოდა ქვეყანაში მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებებისთვის “ქართულ ოცნებამდეც” და მისი ხელისუფლების დროსაც, ემთხვეოდეს იმათ პოზიციებს, ვინც წლების განმავლობაში საპირისპირო მხარეს იყო ან ადამიანის უფლებებზე წარმოდგენა არ აქვს და უბრალოდ ახლა ამ თემაზე საუბარი მომგებიანია. ეს ვერ იქნება ერთიანი, ამიტომ ეს ჯანსაღი პროცესია. მგონია, რომ განსხვავებული მოსაზრებების ჭიდილი განვითარების წინაპირობაა და ამას ყველა უნდა უყურებდეს, როგორც კარგ პროცესს და არა როგორც სახიფათოს,”- განაცხადა ბესელიამ.