მცდელობა მიმართულია ზოგადად იქითკენ, რომ მართლმსაჯულება, სასამართლო რეფორმა გახდეს უფრო სანდო, – ასე შეაფასა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა დეპუტატ ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების ინიციატივა მოსამართლეების უვადოდ გამწესების შეჩერებასთან დაკავშირებით.
„სასამართლო რეფორმას ჩვენ სხვა საელჩოებთან, ოგანიზაციებთან ერთად ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს. მიგვაჩნია, რომ წესები და კრიტერიუმები, რომლებიც უნდა შემუშავდეს უნდა იყოს ნათელი, გამჭვირვალე და სანდო. ეს აუცილებელია ქართული მართლმსაჯულებისთვის. აუცილებელია, იმისთვის, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში იყოს ნდობა, ნდობა არა მარტო საქართველოს მოქალაქეების თვალში, ასევე ინვესტორების. რაც შეეხება ეკა ბესელიას ინიციატივას, ჩემთვის გასაგებია რატომ გამოვიდა ის ამ ინიციატივით, თუმცა მე არ ვარ ის ადამიანი, რომელმაც ეს უნდა შეაფასოს. ჩემი მხრივ, გასაგებია, რომ მცდელობა მიმართულია ზოგადად იქითკენ, რომ მართლმსაჯულება, სასამართლო რეფორმა გახდეს უფრო სანდო და მთელი ეს მცდელობა ამით არის განპირობებული”, – აცხადებს კარლ ჰარცელი.