ნორვეგიაში ორი საჯარო მოხელე ქურდობის ბრალდებით დააკავეს, ერთ-ერთი დეპუტატ ზარდიაშვილის ცოლის ძმაა

ნორვეგიაში ორი საჯარო მოხელე ქურდობის ბრალდებით დააკავეს, ერთ-ერთი დეპუტატ ზარდიაშვილის ცოლის ძმაა

ნორვეგიის პოლიციამ საქართველოს ორი საჯარო მოხელე ქურდობის ბრალდებით დააკავა. ინფორმაცია, რომელსაც კურიერი მთელი დღის განმავლობაში ავრცელებდა, დღის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა.

ერთ-ერთი დაკავებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ერთ-ერთი სიპის სპეციალისტი იყო. მან ნორვეგიაში წასვლამდე უხელფასო შვებულება მოითხოვა და ქვეყანა დატოვა.

ნორვეგიაში ელექტროტექნიკის მაღაზიის ქურდობისთვის დაკავებული გრიგოლ აბრალავა საქართველოს პარლამენტის წევრის, ვანო ზარდიაშვილის, ცოლის ძმაა.

ზარდიაშვილი დღეს მისი ოჯახს წევრს გაემიჯნა და თქვა, რომ არაფერი იცის.

კურიერის ინფორმაციით, დაკავებული გრიგოლ აბრალავა თავის დროზე აუდიტის სამსახურში ვანო ზარდიაშვილმა დაასაქმა. ზარდიაშვილი 2013-2016 წლებში აუდიტის სახელმწიფო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო.

კურიერს აუდიტის სამსახურის ყოფილმა თანამშრომლებმა უთხრეს, რომ აბრალავა გავლენიანი პარლამენტარის პატრონაჟით სარგებლობდა, მხოლოდ ხელფასს იღებდა და სამსახურში, პრაქტიკულად, არ დადიოდა.

დაკავებული აბრალავას მამა ამბობს, შვილი პოლონეთში ეგონა, თუმცა, დღეს გაიგო, რომ ნორვეგიაში ყოფილა.

გრიგოლ აბრალავასთან ერთად, ნორვეგიაში დააკავეს კიდევ ერთი საჯარო მოხელე - გიორგი კიკნაძე. ის თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის ისანის განყოფილების უფროსი იყო.

მერიაში ამბობენ, რომ ნორვეგიაში წასვლამდე კიკნაძემ შვებულება დაწერა და ამ დრომდე მერიის მოქმედ თანამშრომლად ითვლება.