“ცისფერბოტასელები” მოდიან…”

“ცისფერბოტასელები” მოდიან…”

“მიშას ლამაზი ცისფერი ბოტასების უფრო ეშინიათ, ვიდრე რუსული ჩექმის” – ეს განცხადება, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ სანდრა რულოვსმა ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში, კონგრესის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

სანდრა რულოვსმა ემიგრანტებს მიმართა და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. რულუვსის აზრით, დღეს საქართველო რეგრესისკენ მიდის.

„მიშას ლამაზი, ცისფერი ბოტასების უფრო ეშინიათ, ვიდრე რუსული ჩექმის. სალომესაც აქვს ჩექმები, ეკა ბესელიასაც, მაგრამ მიშასნაირი ბოტასები არავის არ აქვს. ამ ბოტასებით ის დადის სწრაფად და ენერგიულად”, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

ქალაქ ლიეჟში, კონგრესის სასახლეში გამართულ შეხვედრასა და სანდრა რულოვსის აღნიშნულ განცხადებას, ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში ასეთი რეპლიკით გამოეხმაურა:

“ცისფერყანწელების” ტალღა ქუთაისიდან დაიძრა! ახლა “ცისფერბოტასელები” მოდიან ლიეჟიდან! “, – დაწერა სვანიძემ “ფეისბუქის” გვერდზე.

ბელგიის ქალაქ ლიეჟში ემიგრანტებთან მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ხმაურით წარიმართა. ლიეჟში ჩავიდნენ არა მხოლოდ  სააკაშვილის მხარდამჭერები, არამედ მოწინააღმდეგეებიც. მათ დარბაზში შესვლა სურდათ, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ.

კონგრესის სასახლის შესასვლელში დაპირისპირებაც მოხდა, რა დროსაც სააკაშვილის მოწინააღმდეგეების მისამართით გაურკვეველი ნივთიერება გაუშვეს, რის გამოც მათი ნაწილი ცუდად გახდა და სამედიცინო დახმარებაც დასჭირდათ.

დარბაზში მერეთის ყოფილი გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი შევიდა, თუმცა სააკაშვილის მხარდამჭერებმა შაშიაშვილი დარბაზიდან გაიყვანეს.

რაც შეეხება თავად მიხეილ სააკაშვილის გამოსვლად, რა თქმა უნდა, მან მოქმედი ხელისუფლება ყველა მიმართულებით გააკრიტიკა, განაცხადა,  რომ ახლა საქართველოში მის დასაბრუნებლად სიტუაცია მზად არ არის, თუმცა მან და მისმა მხარდამჭერებმა „ეს სიტუაცია უნდა მოამზადონ“.

“იმ წუთში, როდესაც მე დავინახავ, რომ ოპოზიცია მანდ მზად არის, რომ ჩემი 72-საათიანი თავისუფლად ყოფნა უზრუნველყოს, მე იმ წამში გავჩნდები საქართველოში“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

როგორ აპირებს სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას ჯერ უცნობია, თუმცა გადამწყვეტი მომენტი მაშინ იქნება, როდესაც საკმარის ხალხს და ფულს შეაგროვებს, რომლებსაც ემიგრანტებს სთხოვს.