პრინციპულად ვემხრობი - ზოიძე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე

პრინციპულად ვემხრობი - ზოიძე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების ინიციატივას, რომელიც ეკა ბესელიამ რვა დეპუტატთან ერთად, შეიმუშავა, პარლამენტარი აკაკი ზოიძეც უჭერს მხარს. ამის შესახებ მან „რეზონანსს" გაუცხადა:

„ამ წამოწყებას პრინციპულად ვემხრობი; თუმცა, არის შეკითხვები, რომლებზეც ამომწურავი პასუხი უნდა მივიღო, სანამ მხარს საბოლოოდ დავუჭერ - კერძოდ, იმ მოსამართლეების საკითხი, რომლებიც დღეს, გამოსაცდელი ვადით არიან დანიშნული", - განაცხადა ზოიძემ.

პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ზემოაღნიშნული კანონპროექტი, კონსტიტუციასთან უთანხმოებაში მოდის, რადგანაც ამ უკანასკნელის მიხედვით, მოსამართლე უვადოდ ინიშნება და ზოგ შემთხვევებში, ამას წინ უსწრებს მისი გამოსაცდელი ვადით დანიშვნა.

„წარმოდგენილი კანონპროექტით, ადამიანებმა, რომელთაც სამწლიანი გამოსაცდელი ვადა ამოწურეს, შესაძლებლობა აღარ აქვთ, უვადოდ დაინიშნონ. ამიტომ, არის შეკითხვები - არის თუ არა ეს პროექტი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში.

„ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ, მოვისმენთ ავტორების არგუმენტებს და კონსტიტუციასთან შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.