”ევროპული საქართველო” ტურისტულ ზონებში, ფილებზე სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა სახელების დაწერის ინიციატივით გამოდის – თბილისში, საბჭოთა რეპრესიების ისტორიის გაცოცხლების ინიციატივით ელენე ხოშტარია კახა კალაძეს მიმართავს. ელენე ხოშტარიამ ტურისტულ საფეხმავლო ზონებში, სპეციალურ ფილებზე სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა სახელების დაწერის იდეა ყოფილი ჩეკას შენობის წინ ბრიფინგზე გააჟღერა.
„მინდა მივმართო თბილისის მერს კახა კალაძეს, რომ ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ ქალაქში არ იყოს წაშლილი საბჭოთა ტერორის და საბჭოთა რეპრესიების ისტორია. ჩვენ ახლა ვდგავართ იმ შენობასთან, რომელიც გამოიყენებოდა წინასწარი დაკავების იზოლატორად, გაყავდათ ხალხი დასახვრეტად. ამ შენობაში არის შემორჩენილი კვალი, წარწერები კედლებზე და ამასთანავე, ეს შენობა ინგრევა და აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ხელს ვერ ახლებენ აქაურობას, რადგან ისტორიული შენობა არის. აუცილებელია, რომ ერთადერთი შემორჩენილი შენობის შესახებ მიღებულ იყოს შესაბამისი გადაწყვეტილება და შემოვინახოთ ის, როგორც საშინელი ისტორიის სიმბოლო და ადგილი”, – განაცხადა ხოშტარიამ, რომლის განმარტებითაც, ქვეყანაში 1921 – 1954 წლებში დაახლოებით, 19 000 ადამიანი დახვრიტეს. მისი თქმით, ამ ადამიანების და მოვლენების ისტორია დაკარგულია და ინფორმაცია ამ ისტორიულ ადგილებზე არათუ ტურისტებს, ადგილობრივ მცხოვრებლებსაც არ აქვთ.
„ასევე გამოვდივარ მეორე ინიციატივით, როგორც ევროპულ ქალაქებში საფეხმავლო ზონებში, სადაც ბევრი ტურისტი დადის ფილებზე, საფეხმავლო ბილიკებზე ამოტვიფრული იყოს სახელები და გვარები დახვრეტილი ადამიანების. მინდა, მივმართო ქალაქის მერს, ბევრი სპეციალისტია, ვინც უკეთ ერკვევა ამ საკითხებში, მათთანაც შეიძლება მუშაობა”, – განაცხადა ხოშტარიამ.
შესაბამისი განცხადებით ხოშტარია თბილისის მერიას დღესვე მიმართავს.
ინგოროყვას #22 ერთადერთი შემორჩენილი შენობაა, რომლის პირველ სართულს და სარდაფს წინასწარი დაკავების იზოლატორად იყენებდნენ.