თამბაქოს ინდუსტრიას ერთი თვის განმავლობაში გაყიდვა თითქმის 30%-ით შეუმცირდა. „ბრითიშ ამერიქან თობაქოს“ კორპორაციული დირექტორის ზვიად სხვიტარიძის ინფორმაციით, სანაცვლოდ ქვეყანაში იზრდება თუთუნის მომხმარებელთა რიცხვი და არალეგალური ვაჭრობის მაჩვენებლები. სხვიტარიძე წლის განმავლობაში სიგარეტის გაძვირებას ისევ პროგნოზირებს.
„რეგიონალურ ჭრილში ჩვენ ვხედავთ, რომ სომხეთში, რუსეთში, აზერბაიჯანში აქციზის გადასახადი რადიკალურად დაბალია. განსხვავება ერთ დოლარზე მეტია. ეს ფაქტი კი არის საკმაოდ დიდი ცდუნება უკანონო ვაჭრობით დაკავებული ადამიანებისთვის. შესაბამისად, არალეგალური ვაჭრობის ხვედრითი წილი შესაძლოა, გაიზარდოს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და უაქციზო სიგარეტების ამოღების მაჩვენებლები ბოლო პერიოდში იმატებს. არალეგალური ვაჭრობა და მომხმარებლის მიერ დაბალ სეგმენტზე, ე.წ. თუთუნზე გადასვლა, ცალსახად აისახა ჩვენს გაყიდვებზე.
ფიზიკურ პირებს შემოაქვთ ნედლი თამბაქო, რომლის ფასიც 7-ჯერ 8-ჯერ იაფია იმპორტირებულ სიგარეტზე, თუმცა მის ხარისხს ვერავინ ამოწმებს. ჩვენი მომხმარებელის რაოდენობა მცირდება. შესაბამისად, აქციზისა და კანონით გათვალისწინებულ სხვა გადასახადებს იმ ოდენობით ვეღარ გადავიხდით, რასაც ვიხდიდით. ეს ყველაფერი აკლდება ბიუჯეტს და თამბაქოს ბიზნესიდან შესული თანხების მოცულობა ბიუჯეტში წელს გაცილებით დაბალ ნიშნულზე იქნება“, - აცხადებს "ბიპიენთან" სხვიტარიძე.