რას ჰქვია უნამუსო? ჩემი ნამუსი შენი შესაფასებელი არაა

რას ჰქვია უნამუსო? ჩემი ნამუსი შენი შესაფასებელი არაა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, „ევროპული საქართველოს“ წევრს გიგი წერეთელსა და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრს ადა მარშანიას შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო გოგუაძის მოხსენების დროს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა გიგა ბოკერიამ და გიგი წერეთელმა დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებთან დაკავშირებით „რუსული ნარატივი“ ახსენეს, რასაც ადა მარშანიას მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

„უმრავლესობის და ოპოზიციის მხრიდან საკმაოდ კარგი და კონსტრუქციული წინადადებები იყო. ქალბატონი ადა არ ვიცი, რას ფიქრობს, მაგრამ მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ რუსეთი ყველგან ქმნის საფრთხეს თავისი რბილი ძალის გამოყენებით, პროპაგანდის ინსტრუმენტებით და ამაში დიდი ინვესტიციები იდება. ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები შედეგი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვთ. ამიტომ, მგონია, რომ ამაზე ჩვენ არ უნდა ვიკამათოთ“, – აღნიშნა გიგი წერეთლმა.

აღნიშნული კომენტარის შემდეგ ადა მარშანიამ წერეთელს „უნამუსო“ უწოდა.

„ძალიან მიშლი ნერვებს“, – მიმართა მარშანიამ წერეთელს.

„რომ იცოდეთ, ქალბატონო ადა, დედაჩემი ოჩამჩირედანაა და ჩვენც გვქონდა იქ სახლი. ნერვებს თუ გიშლით, ამისთვის ბევრი საშუალებაა, მაგრამ ზედმეტი არ უნდა ილაპარაკოთ. შეიძლება, ჩვენც გვიშლით ნერვებს? რას ჰქვია უნამუსო, ვერ გავიგე? ჩემი ნამუსი შენი შესაფასებელი არაა, საბედნიეროდ. ძალიან გთხოვ, რომ ზედმეტი არ მოგივიდეს“, – მიმართა წერეთელმა მარშანიას.