დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც სრულიად დაამარცხებს C ჰეპატიტს

დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც სრულიად დაამარცხებს C ჰეპატიტს

დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც სრულიად დაამარცხებს C ჰეპატიტს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვირუსულ ჰეპატიტზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საკონსულტაციო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, C ჰეპატიტისგან განკურნების მაჩვენებელი დღეს 98%-ს შეადგენს.

“ცნობილია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დღის წესრიგი სულ უფრო მზარდი ხდება და რთული გამოწვევების აღმოფხვრისკენ არის მიმართული, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს გადამდებ დაავადებებთან ბრძოლა წარმოადგენს. სამწუხაროდ, C ჰეპატიტი კვლავაც მსოფლიო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და ამ დაავადებასთან ბრძოლაში როგორც მთავრობების, ისე სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას ითხოვს. 2015 წელს საქართველოში ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ სამწუხაროდ, მოსახლეობის თითქმის 8% C ჰეპატიტის მატარებელი იყო და ეს ძალიან რთული გამოწვევა გახლდათ, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე იდგა. განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო მხარდაჭერა, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან – აშშ-სგან მივიღეთ, ასევე აშშ-ს დაავადებთა კონტროლის ცენტრის, კომპანია “გილეადისა” და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამის წამოწყება და დანერგვა გახდა შესაძლებელი. დღეს, ჩვენ სიამაყით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით C ჰეპატიტით დაავადებული ათი ათასობით ჩვენი მოქალაქე სრულიად განკურნებულია, როდესაც ცოტა ხნის წინ ეს დიაგნოზი საქართველოში ფაქტობრივად, განაჩენს ნიშნავდა, ხოლო ამ უმძიმეს დაავადებასთან ფინანსურად დამოუკიდებლად გამკლავება თითქმის წარმოუდგენელი იყო. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება. განკურნების მაჩვენებელი 98%-ია. ჩვენ არც სამომავლოდ დავიშურებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ საბოლოოდ აღმოვფხვრათ ეს დაავადება და მე დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც სრულიად დაამარცხებს C ჰეპატიტს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.