ლიეჟში სააკაშვილის შოუ არ შედგა

ლიეჟში სააკაშვილის შოუ არ შედგა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის შეფასებით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლიეჟში შოუს მოწყობა სცადა, რომელიც არ შედგა.

მისივე განცხადებით, შეხვდრაზე ძალიან ცოტა ხალხი მივიდა იმიტომ, რომ ეს იყო დესტრუქციული პროცესი და არ ემსახურებოდა ჯანსაღი ოპოზიციის ჩამოყალიბებას.

"საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, აწ უკვე ძებნილმა სააკაშვილმა მოაწყო შოუ, რომელიც არც შედგა. სამწუხაროდ, ის კიდევ უფრო აპირისპირებს საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს ერთმანეთთან. ეს სამარცხვინო და ძალიან მძიმე საყურებელია. საზოგადოებამ თავის პასუხი "ნაციონალურ მოძრაობას" გუშინაც გასცა. ძალიან ცოტა ადამიანი იყო იქ მისული იმიტომ, რომ ეს იყო დესტრუქციული პროცესი და არ ემსახურებოდა თუნდაც ჯანსაღი ოპოზიციის ჩამოყალიბებას. ფაქტია, რომ საზოგადოებამ ამას პასუხი გასცა. მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის სპექტრში გამოინახება რესურსი, რომ უფრო სოლიდური და ადეკვატური ოპოზიცია იყოს იმ გამოწვევების მიმართ, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. არის გამოწვევები, ამას ვაღიარებ და კარგი იქნება ძლიერი ოპოზიცია, რომელიც არ მოგვცემს შეცდომების დაშვების უფლებას,"- განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ,  ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესის სასახლის ტერიტორიაზე, გუშინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს შეხვდა. შეხვედრაზე რამდენიმე ინციდენტი მოხდა.