იმღერა, დაუკრა და გადაუხადეს კიდეც

იმღერა, დაუკრა და გადაუხადეს კიდეც

ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაზა ხუციშვილმა, ბაქოსა და თბილისში სიმღერით 2018 წელს დაახლოებით, 6200 ლარი იშოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ზაზა ხუციშვილის ბოლო დეკლარაციაშია გათავსებული.

დეკლარაციის მიხედვით, ბაქოში ერთი კონცერტისთვის მიღებულმა ჰონორარმა 600 ევრო შეადგინა; თბილისში კი მას 2320 ლარი გადაუხადეს "ჰარდ როკ კაფემ" და პაბმა "ნალი". ამ კლუბებში დეპუტატი გასულ წლებშიც უკრავდა.

2017 წლის დეკლარაციის თანახმად, 2016 წელს მუსიკოსი დეპუტატი მხოლოდ "ჰარდ როკ კაფეში" უკრავდა და ამ საქმიანობით მან 1200 ლარი მიიღო. ამავე წელს ის იყო რადიოგადაცემის წამყვანი საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომლისთვისაც  მას 6300 ლარი გადაუხადეს

2017 წელს ზაზა ხუციშვილმა  თბილისში დაკვრისთვის 5466 ლარი მიიღო. 2017 წელს კონცერტებიდან მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით 7200 ლარი შეადგინა. ამ წელს დეპუტატმა 827,46 ლარიც მიიღო, როგორც საავტორო ჰონორარი.

ზაზა ხუციშვილი მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრია. ის მაჟორიტარ დეპუტატად ვაკის მესამე ოლქში აირჩიეს.

აღსანიშნავია, რომ ზაზა ხუციშვილი ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომლებიც 2017 წელს დაჯარიმდნენ არასწორად ან არასრულად შევსებული დეკლარაციის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ხუციშვილს არ დაავიწყდა რომელ კონცერტზე რა რაოდენობის ჰონორარი მიიღო, უბრალოდ არ ახსოვს, რომ  მოსაშვილის ქუჩაზე 170 კვ.მ ბინას ფლობს.