ახალი სპიკერი უპოვიათ ვანო ზარდიაშვილის სახით

ახალი სპიკერი უპოვიათ ვანო ზარდიაშვილის სახით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით,  ვანო ზარდიაშვილი უმრავლესობის ლიდერი არ არის, ამიტომ მის მოვალეობაში არ შედის უმრავლესობის სახელით განცხადებების გაკეთება. ასე შეაფასა გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ვანო ზარდიაშვილის განცხადება

მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების კანონპროექტთან დაკავშირებით.

გოგიჩაიშვილის განცხადებით, უმრავლესობა შეთანხმდა, რომ წინააღმდეგობა არ ექნება ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას გულისხმობს.

"ზარდიაშვილის სიტყვების კომენტირებას ვერ დავიწყებ. როგორც ჩანს, ახალი სპიკერი იპოვეს. მე არ მგონია, რომ ზარდიაშვილი არის უმრავლესობის ლიდერი და ის გამოხატავს უმრავლესობის პოზიციას. აჩიკო თალაკვაძის ფუნქციაა. უმრავლესობის სახელით აკეთოს განცხადებები.

რაც შეეხება პროცესს, კარგმა იურისტებმა იციან, რომ არაკონსტიტუციურობას განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლო. შესაბამისად, ჩემთვის უმრავლესობის პოზიციაა მთავარი ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ შევთანხმდით, რომ პრინციპული წინააღმდეგობა აღნიშნულ კანონპროექტს არ ექნებოდა იმიტომ, რომ იუსტიციის საბჭოში პროცესი არაჯანსაღად მიდის. შესაბამისად, ჩემთვის მთავარია პროცესი, კომიტეტის პოზიცია და პლენარული სესიის პოზიცია. მე დიდი იმედი მაქვს, რომ იურიდიული კომიტეტი 3 დღეში შეიტანს ამას დღის წესრიგში.

პრობლემა არის დღევანდელი მოცემულობა, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გვაქვს. საბჭო ნიშნავს მოსამართლეებს არა კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით, არამედ პირადი ერთგულების საფუძველზე. ეს არის დიდი ინსტრუმენტი მათთვის, ჯიბეში ჩაისვან მოსამართლეები და მოსამართლეთა კორპუსი მძევლად ჰყავდეთ აყვანილი. იუსტიციის სკოლიდან, რომელიც სასამართლოსთვის მოსამართლეების მთავარი მიმწოდებელი უნდა იყოს, სადღაც 7-8 ადამიანი ახერხებს ამ სკოლიდან სასამართლო ხელისუფლებაში გადავიდეს, ვინაიდან მოგუდული ჰყავთ იუსტიციის სკოლა. ზოგ ადამიანს გამოსაცდელი ვადაც არ აქვს გასული, რომ აღმოჩნდება უვადოდ დანიშნული. დღეს სასამართლო დახურული სისტემაა, რომელიც ადეიშვილის პროკურატურას დაემსგავსა დახურულობის თვალსაზრისით. პარლამენტი კი ვალდებულია სასამართლო ხელისუფლება გახსნას საზოგადოებისთვის,"- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ცნობისთვის, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ ინიციატივა არაკონსტიტუციურია და მხარდაჭერა ვერ ექნება.

შეგახსენებთ, ცხრა დეპუტატმა “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს.

კანონპროექტი დღეს დარეგისტრირდა და მას ხელს აწერენ დაპუტეტები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.