ლიეჟი

ლიეჟი "ქართული ოცნების“ მორიგი სირცხვილია

"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის შეფასებით, ის ინციდენტი, რომელიც გუშინ ქალაქ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრისას მოხდა, არის "ქართული ოცნების“ მორიგი სირცხვილი.

ამის შესახებ კაპანაძემ "2020NEWS"-თან საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ ლიეჟში მომხდარ ინციდენტთან "ქართული ოცნება“ არანაირ კავშირში არ არის,  არავინ დაუჯერებს, რადგან ყველამ კარგად იცის, სინამდვილეში იქ მივარდნილი ხალხი რომელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდა და ვისი "პიარშიკებიც" არიან.

"ქართულმა ოცნებამ“ მორიგი სამარცხვინო საქციელი ჩაიდინა, როცა უცხო ქვეყანაში ერთ აზრზე მყოფ ხალხს მიუგზავნა სხვა ადამიანები, რათა ეს შეხვედრა ჩაეშალათ. ისინი ცდილობენ ბუზისგან შექმნან სპილო, ამიტომ მიმაჩნია, რომ ძალიან სამარცხვინო იყო რაც გუშინ შეხვედრაზე მივარდნილმა ხალხმა ჩაიდინა.

ყველამ კარგად ვიცით, იქ მივარდნილი ხალხი რომელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს და ვისი "პიარშიკებიც" არიან, ამიტომ რამდენიც არ უნდა თქვას ირაკლი კობახიძემ, რომ არანაირ კავშირში არ იყო ამ ამბავთან „ქართული ოცნება“, არავინ დაუჯერებს“, - განაცხადა კაპანაძემ.

მისივე განცხადებით, მმართველი გუნდი შიდა დაპირისპირებაზეა გადასული და ქვეყნისთვის მნიშნელოვანმა საკითხებმა მეორე პლანზე გადაიწია.

„ქართულ ოცნებას“ რომ პრობლემები აქვს, ქვეყანას ვერ მართავს და შიდა დაპირისპირებებით არიან დაკავებული, ეს ნათელია ყველასთვის. ამიტომ ეს გუნდი სასწრაფოდ უნდა ჩამოშორდეს მმართველობას და იმედი მაქვს, რომ შემდეგ არჩევნებზე ეს ასეც მოხდება. მთლიანად გადართულები არიან კინკლაობაზე და ქვეყნისთვის მართლა მნიშვნელოვანი საკითხი მეორე პლანზეა გადასული და სისულელეებზე დავაში იხარჯება დრო“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ,  ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესის სასახლის ტერიტორიაზე, გუშინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს შეხვდა. შეხვედრაზე რამდენიმე ინციდენტი მოხდა.