რომელ კლასშია ვანო ზარდიაშვილი?

რომელ კლასშია ვანო ზარდიაშვილი?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები უნდა შეაფასონ მათ, ვინც კვალიფიციური იურისტია და არა მათ ვინც, პირველ კურსზე კი არა, პირველ კლასშიც არ არის იურიდიული განათლებით.

ამ განცხადებით ბესელია ვანო ზარდიაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავს ცვლილებებს ხელს არც ერთი პირველკურსელი და თავმოყვარე იურისტი არ მოაწერდა.

"ვინც საუბრობს კლასებზე, კურსებზე და აფასებს, ვინ რომელ კურსზე უნდა იყოს ან ვინ რომელ კლასშია და რანგებს აანალიზებს, თვითონ უნდა იყოს რომელიმე კლასში. როცა არცერთ კლასში არაა და არცერთ კურსზე არა არის,  თავისი რანგით თუ კვალიფიკაციით, როგორც იურისტი, მათ ნაკლებად შეუძლიათ შეაფასონ ასეთი პროექტები.

იმდენად აღელვდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და უმაღლესი საბჭოს ლობისტები ამ ცვლილებების გამო, ჩანს რომ ჩვენ ზუსტად მივაგენით და მივედით იმ საკითხთან, რომლითაც უნდა მოხდეს დროებით შეჩერება, მორატორიუმი რათა მთელი სასამართლო სისტემა არ ჩაიკეტოს. დღეს მოვისმინე განცხადება, ერთ-ერთი მოსამართლე ამბობდა, რომ იუსტიციის საბჭომ უნდა დანიშნოს საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში. იუსტიციის საბჭოს უშტატოდ ისედაც ჰყავს ძალინ ბევრი წარმომადგენელი პარლამენტში და ჰყავს ლობისტები, რომლებიც სასამართლოზე პირველ პირში ლაპარაკობენ ხოლმე," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, 9 დეპუტატმა “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს.

კანონპროექტი დღეს დარეგისტრირდა და მას ხელს აწერენ დაპუტეტები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.