ამერიკელი ადმირალი რუსების წინააღმდეგ „იერიშზე გადასვლას“ ითხოვს

ამერიკელი ადმირალი რუსების წინააღმდეგ „იერიშზე გადასვლას“ ითხოვს

აზოვის ზღვაში გასული წლის ბოლოს რუსეთის მიერ გამოჩენილი აგრესიის საპასუხოდ და რამდენიმე სხვა ფაქტის გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს საკადრისი პასუხი უნდა გასცეს; გარდა ამისა, თავად აშშ მხოლოდ თავდაცვაზე არ უნდა იყოს ორიენტირებული და საკუთარი ინტერესების დასაცავად რამდენიმე რეგიონზე ზეწოლის განხორციელებაზეც არ უნდა თქვას უარი. ამის შესახებ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ოპერაციების ხელმძრვანელმა, ადმირალმა ჯონ რიჩარდსონმა განაცხადა.

იგი აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ „შეუტიონ" რუსეთსა და ჩინეთს. გამოცემა „ბიზნეს ინსაიდერის" ცნობით, რიჩარდსონმა ამის შესახებ 7 თებერვალს, ატლანტიკურ საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ადმირალმა რიჩარდსონმა თავისი წინადადება ახსნა იმით, რომ რუსეთის მიერ აზოვის ზღვის ბლოკირება და ასევე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის აკვატორიაში ფედერაციის სამხედრო ძალების ყოფნა უპასუხო არ უნდა დარჩეს.

ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას რიჩარდსონმა აშშ-ს მოუწოდა, რომ „მეტი აგრესია" გამოიჩინონ მოსკოვისა და პეკინის მიმართ. მას შემდეგ, რაც რუსეთმა „გააძლიერა საკუთარი კონტროლი საკვანძო საზღვაო მაგისტრალებზე", დრო მოვიდა, რომ აშშ „პირველები გადავიდნენ შეტევაზე" - განაცხადა რიჩარდსონმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ოპერაციების ხელმძღვანელმა თქვა, რომ დრო მოვიდა ამერიკამ თავდაცვითი პოზიციების დაცვის გარდა, რამდენიმე რეგიონში თავისი ინტერესების გასამყარებლად მათზე ზეწოლაც განახორციელოს:

„მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ შევძლებთ რუსების, ჩვენი კონკურენტების იძულებას, რომ ჩვენს მიერ გადადგმულ პირველ ნაბიჯებზე რეაგირება მოახდინონ. დროდადრო ჭადრაკის დაფის თეთრ მხარეს თამაში უპირატესობის მანიშნებელია", -აღნიშნა ადმირალმა ჯონ რიჩარდსონმა.