აფხაზი მოსახლეობის მოსაზრება, რომ რუსეთი ყველაფრისთვის გაიღებს ფულს, გარდა აფხაზური არმიისა, მართლდება - ყველაზე მძიმე ვითარება ამ სფეროშია.
რუსეთსა და აფხაზეთს შორის მიღებული დოკუმენტის თანახმად, რომელიც 2015 წელს შეიმუშავეს და რუსულ-აფხაზური შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნას შეეხება, აფხაზური "არმია" გუდაუთაში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის დანაყოფი გახდა, თუმცა აფხაზების თქმით, პრობლემებს არც ამით ეშველა.
მოსახლეობა ამბობს, რომ არმიის რეფორმირება არ გამოვიდა, რაც კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ ახალგაზრდებს ჯარში წასვლა არ უნდათ.
23 წლის ლაშა, ერთ-ერთია იმათგან, ვისაც ე.წ. აფხაზურ ჯარში სამსახური არ სურდა, რამდენიმე წელი თანხას იხდიდა, თუმცა ერთხელაც მას სამხედრო კომისარიატის წარმომადგენელი მილიციის ორ თანამშრომელთან ერთად სახლში ესტუმრა და იძულებული გახდა, აფხაზური "ჯარის" ფორმა ჩაეცვა.
"ცემა აფხაზურ ჯარშიც მიღებულია. ვიცოდი, რომ მისვლისთანავე მცემდნენ. თუ ვერ გაუმკლავდები, "ჩმორიკი" იქნები და ყველაფრის გაკეთება მოგიწევს: წყლის მოტანა, სერჟანტის ჩექმის გაწმენდა, მისი ტანსაცმლის გარეცხვა, სიგარეტისა და სასმლის შოვნა. პირველი ორი კვირა ბრძანების შეუსრულებლობის გამო, შენობის უკან რამდენიმე ჯარისკაცი დამხვდა და მცემეს, მირტყამდნენ რკინის ნაჭრით, ხელით, ჩექმით, მაგრამ გავუძელი, ღამით კი ტანსაცმელი და ჩექმა დამიწვეს. დილით მოწყობაზე ფლოსტებითა და ნაცემი რომ გამოვ¬ცხადდი, მეთაურმა მკითხა, რა მოგივიდაო. კიბეზე დავგორდი-მეთქი, ახარხარდნენ.
სხვათა შორის, ჩემსავით ფლოსტებით სხვებიც იყვნენ. რამდენიმე დღის შემდეგ ისე მაგრად მცემეს, ცხვირის ძგიდე გამიტყდა და ძლიერი სისხლდენისგან გონება დავკარგე. რამდენიმე დღე ჰოსპიტალში გავატარე, სადაც ფანჯრების ნაცვლად, ცელოფანები იყო აკრული, კედლები კი დაბზარული. სამედიცინო პერსონალს მხოლოდ დილაობით ვხედავდი. შემდეგ ისევ ნაწილში დამაბრუნეს", - ამბობს ის "კვირის პალიტრასთან".