8 თებერვალს უბედური შემთხვევა მოხდა თბილისის ცენტრში, პუშკინის ქუჩაზე. არსებული ინფორმაციით, 12 წლის ბავშვი ქუჩაში მოწყალებას ითხოვდა. მან ერთ-ერთ ტურისტს ნივთი წაართვა და მიმალვას ცდილობდა.
ვიდეოში ჩანს, როგორ გარბის ბავშვი ჯერ ტროტუარზე და შემდეგ შეუჩერებლად გადარბის ქუჩაზე. ამ დროს მისკენ მიმავალი ლურჯი ავტობუსი ამუხრუჭებს, ბავშვი მას თავს არიდებს, სირბილს აგრძელებს და მეორე ზოლში მოძრავ ავტომობილს ეჯახება. დარტყმის ძალა მოზარდს უკან აგდებს. რამდენიმე წამში ის გამვლელებს გზიდან ტროტუარზე გადაჰყავთ. საბედნიეროდ, გოგონას სიცოცხლისთვის საშიში ტრავმები არ მიუღია.
"ბავშვს აქვს პოლიტრავმა, კეფის მიდამოში – კანქვეშა ჰემატომა. სხეულზე განსაკუთრებული დაზიანება არ იკვეთება", – განაცხადა ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელმა ბესიკ წივწივაძემ.