„კონსტიტუციაზე თავდასხმა“: მოსამართლე მეთოფიშვილი ბესელიას კიდევ ერთხელ უპირისპირდება

„კონსტიტუციაზე თავდასხმა“: მოსამართლე მეთოფიშვილი ბესელიას კიდევ ერთხელ უპირისპირდება

ეკა ბესელია მოსამართლეების მხრიდან ახალი შეტევის ობიექტი ხდება. ბესელიას ინიციატივას, მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის 2025 წლამდე შეჩერებასთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი სერგო მეთოფიშვილი ეხმაურება და აკრიტიკებს.

“ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტს თანამოაზრე კოლეგებთან ერთად მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას სთავაზობს, რომელიც პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცესის შეჩერებას გულისხმობს. კანონპროექტს ხელს აწერენ გედევან ფოფხაძე, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე, ოთარ ჩრდილელი, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი.

მოსამართლე მეთოფიშვილი კი განცხადებას ავრცელებს და დეპუტატის ინიციატივას „კონსტიტუციაზე თავდასხმად“ აფასებს.

"მკაფიოდ ვაფიქსირებ, რომ მსგავსი ქცევა და ქმედება (ვგულისხმობ თქვენ ბოლო საკანონმდებლო ინიციატივას) წარმოადგენს თავდასხმას დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციაზე, ანუ თავდასხმას საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციაზე, ასევე წარმოადგენს თავდასხმას საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების სხვა შტოს ლეგიტიმურობაზე. ასეთი ქცევა ასევე წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების დარღვევას!!! შეწყვიტეთ თავდასხმა!!!“ - აღნიშნულია მეთოფიშვილის განცხადებაში.

მეთოფიშვილის ამ განცახდებას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილი აკრიტიკებს და ამბობენ, რომ მოსამართლე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და სცდება სამართლებრივ შეფასებებს. 

„მინდა, ჩვენს მეგობრებს იუსტიციის საბჭოში მოვუწოდო, რომ თავი შევიკაოთ ძალიან ხმამაღალი განცხადებებისგან, რომლებიც სცდება პოლიტიკური სამართლებრივი შეფასების ფარგლებს,“ - ამბობს კობა ნარჩემაშვილი.

დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებს გასცდა და საკუტარ თავს პოლიტიკურ დებატებში ჩართვის საშუალებას აძლევს.

„ყველა თავის კომპეტენციის ფარგლებში უნდა აკეთებდეს განცხადებებს და ამ შემთხვევაში მეთოფიშვილი კვლავ შემოდის პოლიტიკურ პროცესში. შედეგი, რომელიც ამ განცხადებით შეიძლება მივიღოთ, არის სასამართლო რეპუტაციის დაზიანება, იმიტომ, რომ სასამართლო ხელისუფლება უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკისგან. მისი განცხადება ძალიან პოლიტიზირებულს ჰგავს,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ახლა მოსმართლეების ყოფნა-არყოფნის საკითხი უდგათ. ისინი ან მოსამართლის მანტიამოსხმულები დარჩებიან ან კიდევ სააერთოდ სისტემის დატოვება მოუწევთ.  საზოგადოებამ ამ მოსამართლეებს შეიძლება საქმე ისე გაუხადოს, რომ იურისტობაც კი სანატრელი გაუხდეთ. უფლებადამცველი ამბობს, რომ ამ თამაშის ფასი ძალიან მაღალია და ისინი ვერც კი ათვითცნობიერებენ რომ პოლიტიკურ დებატებში შედიან.

„მათ დაავიწყდათ კანონით რა უფლებები აქვთ, პირდაპირ პოლიტიკურ დებატებში არიან შესულები. ნებისმიერი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელიც მათ კეთილდღეობას ემუქრება, ყველანაირ კონსტიტუციას და კანონს დაივიწყებენ. მოსამართლეებზე უკეთესად არავინ იცის, რომ თუ რამე ანტიკონსტიტუციურია საკუთარი ინიციატივით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ. ანუ მათ ეს პროცედურები ძალიან კარგად იციან, მაგრამ გაღმა შეედავე გამოღმა შეგრჩება პრინციპით არიან. რა თქმა უნდა, ხმაურიან განცხადებებს გააკეთებენ, რადგანაც სასწორზე მათი კეთილდღეობა დევს. ამ ხალხს საკუთარი თავის კარგად ყოფნის გარდა არავინ ადარდებს“, - აცხადებს „რეზონანსთან“ მუხაშავრია.

მისივე თქმით, ბესელიას მხოლოდ ის ადამიანები უჭერენ მხარს ამ ბრძოლაში, რომლებიც ღიად ჩანან. სხვა დანარჩენები, საკუთარ ტყავს უფრთხილდებიან და ხმამაღლა ამ გავლენიანი მოსამართლეების წინააღმდეგ ვერ გაილაშქრებენ. მისი აზრით, მეთოფიშვილის და გვრიტიშვილის ხმამაღალი განცხადეებები ცხადყოფს, რომ მათ უკან სერიოზული ზურგი აქვთ და ამ ბრძოლას ასე ადვილად არ დანებდებიან.