ძალიან მძიმე ფორმა შეიძინა ამ პოლემიკამ უკრაინის თემის გარშემო

ძალიან მძიმე ფორმა შეიძინა ამ პოლემიკამ უკრაინის თემის გარშემო

“ადამიანები, რომლებსაც აქვთ სტატუსი ინტელექტუალისა, პედაგოგისა თუ თეოლოგისა, განსაკუთრებით უნდა უფრთხილდებოდნენ ამ სტატუსს და მათი რიტორიკა უნდა ჯდებოდეს იმ ჩარჩოებში, რაც ეკადრება მეცნიერსა და მკვლევარს”, – ასე გამოეხმაურა საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საპატრიარქოს სასულიერო სემინარიის აკადემიური საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, აღნიშნული აკადემია-სემინარიის პროფესორის, გოჩა ბარნოვისთვის სალექციო კურსის შეჩერების საკითხს.

“აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა გოჩა ბარნოვის მიერ გაცხადებული პოზიცია, სადაც ის საუბრობს საქართველოს ეკლესიაში არსებული განხეთქილების საფუძვლებზე. ეკლესია ძალიან მტკივნეულად აღიქვამს ყოველივეს, რაც დაკავშირებულია განხეთქილებასთან. ბარნოვის განცხადება აღქმული იქნა, როგორც გარკვეული გამართლების მცდელობა, თუკი ასეთი განხეთქილება მოხდებოდა. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი სხვა მიზეზთა შორის და ის მიზეზებიც დაკავშირებულია ეკლესიის ზოგიერთი მსახურისა თუ იერარქის არასწორ მოხსენიებასთან. საერთოდ, ძალიან მძიმე ფორმა შეიძინა ამ პოლემიკამ უკრაინის თემის გარშემო. ძალიან სამწუხაროა, იმის ნაცვლად, რომ სხვადასხვა აზრის მქონე ორი მხარე დასხდეს და არგუმენტირებულად, დოკუმენტურად განიხილონ კონკრეტული პრობლემები, თუ რა უშლის ხელს სწრაფ აღიარებას, სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას, ამის ნაცვლად ხდება ერთი ჯგუფის მიერ მეორე ჯგუფის დადანაშაულება, თითქოსდა სხვა ქვეყნის ინტერესების გატარებაში. ეს არის ძალიან მტკივნეული მათთვის, ვის მიმართაც ხდება ასეთი ბრალდებები. შესაბამისი რეაქცია ასევე იძენს მძაფრ ხასიათს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ აქედან გამომდინარე განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სტატუსი ინტელექტუალისა, პედაგოგისა თუ თეოლოგისა, განსაკუთრებით უნდა უფრთხილდებოდნენ ამ სტატუსს და მათი რიტორიკა უნდა ჯდებოდეს ამ ჩარჩოებში, რაც ეკადრება მეცნიერსა და მკვლევარს”, – განაცხადა მამა ანდრიამ.