„ეს ჟესტი, რა თქმა უნდა, რაღაც კავშირშია იმ უტაქტო გამოსვლასთან, რომლის უფლებაც ბატონმა ილარიონმა თავის თავს მისცა; ავტოკეფალიის აღიარება რომელიმე ეკლესიის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებით შეუძლებელია, - ვერავინ აღიარებს ავტოკეფალიას," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი პატრიარქ კირილის ინტრონიზაციის ცერემონიალზე მიწვეულთა შორის თვითმარქვია ბესარიონ აპლიას დასწრებას, რომელიც ე.წ. სოხუმი-პიცუნდის ეპარქიის მმართველია და რუსი მღვდელთმთავრის ერთგვარ მუქარას საქართველოსთან მიმართებაში.
პატრიარქ კირილის ინტრონიზაციის ფოტორეპორტაჟი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს პრესსამსახურმა გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ იმ პირთა შორის, რომელიც ამ ცერემონიალზე მიწვეულები იყვნენ, თვითმარქვია ბესარიონ აპლიაც იმყოფებოდა. ე.წ ეპარქია ოკუპირებულ აფხაზეთში რეგისტრირებულია, როგორც აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია.
რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ვიზიტი, - შესაძლოა თუ არა ვივარაუდოთ, რომ ის ერთგვარი მუქარა, რომელიც რამდენიმე დღის წინ რუსმა მღვდელთმთავარმა, მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა საქართველოს შემოუთვალა, - თუკი საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს დაუჭერს, რუსეთის საპატრიარქო ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს, - რეალური გახდეს?
ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, რომ რუსული მხარე მსგავს განცხადებებს ყოველთვის აკეთებდა, რაც მიუღებელია. რაც შეეხება ქართული მხარის პოზიციას, გადაწყვეტილება საქართველოს საპატრიარქომ დამოუკიდებლად უნდა მიიღოს და არა ვინმეს გავლენის შედეგად.
„საუბარია იმაზე, რომ რუსეთის ეკლესიამ შესაძლოა ნაბიჯები გადადგას ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის მართმადიდებლური მრევლის უფლებებთან დაკავშირებით. აქამდეც კარგად არის ცნობილი რუსეთის საპატრიარქოს პოზიცია, - ის განცხადებებს ყოველთვის აკეთებდა.
„ასევე შესაძლებელია მათ პოზიცია შეიცვალონ, - ეს არ იქნება, რა თქმა უნდა, ავტოკეფალიის აღიარება. თუმცა ეს გააღრმავებს იმ დაპირიპირებას, რომელიც ამ რეგიონებთან არსებობს, მაგრამ გადაწყვეტილება ქართულმა ეკლესიამ დამოუკიდებლად უნდა მიიღოს, - თავისი პრინციპებიდან და შეხედულებებიდან გამომდინარე და არა იმ მუქარის გავლენით, რომლის უფლებასაც, სამწუხაროდ, თავის თავს რუსეთის ეკლესია აძლევს," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.