პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ კომენტარი გააკეთა ჟურნალისტების კითხვაზე – შესთავაზა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა გედევან ფოფხაძეს პარტიიდან წასვლა-დარჩენის საკითხზე რამდენიმე წინადადება.
“არავითარი ულტიმატუმი არ იყო პერსონალურად არავის მიმართ. იყო საუბარი საერთო წესებზე, საერთო ხედვაზე. ძალიან ბუნებრივია და შეუძლებელია არ დაეთანხმო, როდესაც პარტიის თავმჯდომარე ამბობს, მისი სურვილია გუნდის შიგნით იდებატონ პარტიის წევრებმა და არა გარეთ. ეს აბსოლუტურად ლეგიტიმური სურვილი და სწორი პოზიციაა, სხვაგვარად გაგვიკვირდებოდა კიდეც. ყველასთვის იყო შეთავაზება, რომ დავასრულოთ საჯარო სივრცეში დებატები. ამას ვეთანხმები, მაგრამ ეს არის თუ არა შესაძლებელი ამ მოცემულ ეტაპზე, როდესაც სასამართლოს თემა გასცდა პარტიულ შიდა დისკუსიას და ღია საჯარო სივრცეში ყველა დაინტერესებული მოქალაქისთვის მაღალი ინტერესის მატარებელია, ეს ახლა შესაძლებელია თუ არა, ამას უნდა შევხედოთ. ვფიქრობთ, ჩვენც ამაზე. მგონია, რომ არ ველაპარაკო ჩემს ხალხს ამ ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ, მისთვის ღირებულ საკითხზე, როგორი უნდა იყოს სასამართლო და მართლმსაჯულება, მე პირადად არ შემიძლია“, -განაცხადა ბესელიამ.