"ეს ტვირთი თქვენ ვერ ჩამოგშორდებათ, ვიდრე მინისტრი ხართ”

"ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია აცხადებს, რომ განათლების მინისტრის გუშინდელი გამოსვლის შემდეგ ყველა დარწმუნდა, რომ განათლების სისტემა არის პოლიტიზებული და მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ნიკა მელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ია კერზაია სისტემამ იმსხვერპლა მას შემდეგ, რაც პირველ ტურში „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდი 15 ათასი ხმით წააგო.

„მიხეილ ბატიაშვილი, რომელსაც ვეღარ ვუწოდებ განათლების მინისტრს, თავს იწონებდა, რომ სკოლები, განათლების სისტემა არის დეპოლიტიზებული, თუმცა ასე არ არის. გუშინ ია კერზაიას ტრაგიკული საქმის საპირწონედ ამ ბატონმა კომიტეტის სხდომაზე მოქმედი სკოლის დირექტორები, „ქართული ოცნების“ ჩვეულებრივი აქტივისტები მოიყვანა, რომლებსაც ჰქონდათ ერთადერთი ფუნქცია – როდესაც საუბარს დაიწყებდა რომელიმე ოპოზიციური პარტიის დეპუტატი, საუბარი  შეეწყვეტინებინათ. იყო ეს ასე, თუ არ იყო? პოლიტიკური განცხადებები ისმოდა მათგან – ცხრა წელი, ცხრა წელი. 49-ე და 104-ე სკოლის დირექტორები მთელი სამი საათის განმავლობაში ისხდნენ და ცხრა წელიწადზე საუბრობდნენ. ძვირფასო კოლოგებო, ბევრად ჩვენზე უკეთესებო, რა არის ეს ნორმალურია? სამარცხვინო იყო ის, რაც გუშინ ვიხილეთ.

პირველ ტურში წაგების შემდეგ ზუგდიდში მიევლინა გიორგი გახარია და დაიწყო რეპრესიები, მეთევზეებით დაწყებული, მონადირეებით გაგრძელებული. აღმოჩნდა მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი კერზაია, რომელიც არ ემორჩილებოდა და თქვა, რომ არ ჩაერთვებოდა აგიტაციაში. ამის შემდეგ ანონიმური წერილი დაიწერა. ამ ადამიანმა, რომელსაც რატომღაც მინისტრის ვეძახით, ჩემთვის, მაპატიეთ და ჩვეულებრივი დამნაშავეა. სპეცჯგუფი მიავლინა და სიკვდილამდე მიიყვანეთ ქალბატონი. გადადექით, ბატონო განათლების მინისტრო. ეს ტვირთი თქვენ ვერ ჩამოგშორდებათ, ვიდრე მინისტრად ხართ“, – განაცხდა ნიკა მელიამ.