"ამ 6 წლის განმავლობაში ყველა არჩევნები მასწავლებლებისა და კრიმინალების მონაწილეობით ჩატარდა"

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, გუშინდელი კომიტეტის შეხვედრაზე ვიხილეთ ის უმსგავსობა, რომელსაც სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანების პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისათვის გამოყენება ჰქვია.

გოცირიძის განცხადებით, ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველა არჩევნები მასწავლებლებისა და კრიმინალების მონაწილეობით ჩატარდა, საარჩევნო უბანზე მარჯვნივ იდგნენ მასწავლებლები სიით და აკვირდებოდნენ თავიანთი მოსწავლეების მშობლებს, მარცხვნივ კი იდგნენ კრიმინალები, რომლებიც აკონტროლებდნენ უბანს და ატერორებდნენ არჩევნებზე მისულ თავიანთ მეზობლებსა და ნაცნობებს.

„გუშინ ძალიან მძიმე დღე იყო, ღამის პირველის ნახევარზე დამთავრდა კომიტეტის სხდომა, სადაც ვიხილავდით ამ საკითხებს. გუშინ რაც მოვისმინეთ, უკიდურესად მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. ვინ წარმოიდგენდა, რომ კომიტეტის შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდებოდა ის უმსგავსობა, რომელსაც ჰქვია სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანების გამოყენება პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისათვის. ეს პირველ რიგში მასწავლებლებს ეხება. დარბაზში დაგვახვედრეს სკოლის დირექტორები, რათა რაღაც ფორმით გაეძლიერებინათ მინისტრის პოზიციები. უფრო მეტიც, დარბაზში მოიყვანეს ე.წ. იმ 9 წლის წინ გათავისუფლებული დირექტორები, რომლებიც შეძახილებით გვამკობდნენ, რომ ისინი უსამართლოდ გაათავისუფლეს. კი მაგრამ, თუ უსამართლოდ იყვნენ გათავისუფლებულები, ამ 7 წლის განმავლობაში როგორ ვერ იპოვეს სამართალი? არცერთი მათგანი დღეს არ მუშაობს სასკოლო სისტემაში. რატომ არ აღადგინეთ? ან რატომ არ მიმართეს სასამართლოს? მაგრამ იქ შემთხვევით აღმოჩნდა ჩვენს მიერ მიყვანილი ადამიანები, რომლებიც განათლების სისტემის რეფორმის საკითხებზე გვყავდა მოწვეული და ერთი „ევროპული საქართველოს“ წევრი, ამ ხელისუფლების მიერ გათავისუფლებული სკოლის დირექტორი მარიამ რამინაშვილი, რომელმაც მოიგო სასამართლო პროცესი და 20 000 ლარი გადაუხადეს განაცდურისათვის. თქვენი შეცდომების გამო ბიუჯეტი ხარჯავს ფულს. მეორე იყო ჩვენს მიერ მიყვანილი დავით ლაგვილავა, რომელიც ჩვენი განათლების ჯგუფში მუშაობს. ისიც ამ ხელისუფლების მიერ არის გათავისუფლებული, რომელიც წლის საუკეთესო დირექტორად იყო აღიარებული და რომელმაც ასევე მოიგო სასამართლო. განათლების სისტემის პოლიტიზირება და საარჩევნოდ გამოყენება არის პირდაპირი დანაშაული და უზნეობა. ამ 6 წლის ყველა არჩევნები მასწავლებლებისა და კრიმინალების მონაწილეობით ჩატარდა. საარჩევნო უბანზე მარჯვნივ იდგნენ მასწავლებლები სიით და აკვირდებოდნენ თავიანთი მოსწავლეების მშობლებს. მარცხვნივ კი იდგნენ კრიმინალები, რომლებიც აკონტროლებდნენ უბანს და ატერორებდნენ არჩევნებზე მისულ თავიანთ მეზობლებსა და ნაცნობებს“ , - განაცხადა გოცირიძემ.

გრიგორი მარტო ბოლო 6 წელიწადში ?! დიდი მიხოს დროს მასწავლებლებს არ იყენებდნენ არჩევნებისათვის ?! უფრო მეტიც, კომუნისტების დროსაც არჩევნებს მასწავლებლები ატარებდნენ ანუ ყველა ხელისუფლება იყენებდა და იყენებს მასწავლებლებს !!! ბატონო ალ კუპონე, ახლა გახდნენ მასწავლებლები ცუდები, როცა შენი ოპონენტი იყენებს მათ ?!
6 წლის უკან