გოჩა ბარნოვის გაშვება ნათელი დასტურია, რომ თავისუფალი სიტყვის არსებობის პრობლემაა. ასე გამოეხმაურა ამბროსი აღმსარებლის მონასტრის წინამძღვარი, მამა ანდრია პროფესორ გოჩა ბარნოვის გათავისუფლებას სასულიერო სემინარიიდან.
მამა ანდრია სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებას კრიტიკულად აფასებს და ამბობს, რომ აღნიშნულმა ფაქტმა სემინარიაში არსებული პრობლემები კიდევ ერთხელ გახადა თვალსაჩინო.
"ტრაგიკული არის პირდაპირ რომ ვთქვათ ეს გადაწყვეტილება. ჩვენ წლებია, ვსაუბრობთ აკადემიის პრობლემებზე. უკვე ორი წელიწადია, არაერთგზის აღმინიშნავს, რომ იქ არამხოლოდ ადამიანებს ზოგადად ზეწოლის, ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ უწევთ ყოფნა. შესაბამისად, ის ნათელი წერტილები, რომლებიც არიან გარკვეული ლექტორების სახით, მათ შორის ბატონი გოჩა ბარნოვი, მათი გაშვება იქიდან ნათელი დასტურია იმისა, რომ თავისუფალი სიტყვის არსებობის პრობლემა არის. შესაძლოა, იქ ის, ვინც დღეს მუშაობს, რა თქმა უნდა, გარკვეული პირობების გამო ვერ ამბობენ ღიად, მაგრამ ჩვენ დროთა განმავლობაში უფრო ვრწმუნდებით, რომ ეს პრობლემები ბევრად სავალალოა ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ. სანამ დროული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული, მანამდე უფრო შორს გაიჭრება ეს მძიმე ვითარება და ის სტუდენტები, ვინც იქ მიდიან არათუ სიმშვიდეს, ფსიქოლოგიურ სტრესს და დემორალიზებას განიცდიან“, - ამბობს მამა ანდრია.
სასულიერო სემინარიიდან პროფესორის გოჩა ბარნოვის გათავისუფლება დღის წესრიგში დგას. თეოლოგი საკუთარ ფეისბუქზე გვერდზე წერს, რომ მისი გათავისუფლება მას შემდეგ მოხდა, რაც მან უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მიღება საჯაროდ მიულოცა.
ბარნოვის თქმით, სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით ლექციები იმ საბაბით შეუჩერეს, რომ ის პატრიარქისა და სხვა ეკლესიების მეთაურების მტერია. თუმცა თეოლოგი ამბობს, რომ სინამდვილეში ამ გადაწყვეტილების მიზეზი სულ სხვაა.
თეოლოგის გათავისუფლებას არ ადასტურებენ სასულიერო აკადემიის ლექტორები და საბჭოს წევრები. მამა ბიძინა ამბობს, რომ საბჭომ ბარნოვის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე იმსჯელა, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილება მისი გაშვების შესახებ მიღებული არ არის.