მმართველ გუნდს ულტიმატუმს უყენებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ თუ კოლეგებისგან მხარდაჭერა არ ექნება საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, უმრავლესობას დატოვებს. ამის შესახებ ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განცხადებით, საპენსიო რეფორმა და მოსამართლეების დანიშვნა წყალგამყოფი საკითხებია გუნდში.
"სასამართლო საკითხი ჯერ არ დასრულებულა. გულწრფელად გითხრათ, ჯერ კიდევ არის სივრცე და ადგილი დარჩენილი, რომ ჩვენ მივიღოთ უკეთესი გადაწყვეტილება და ავიცილოთ ამ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა. მაგრამ, ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საპენსიო რეფორმა, რომლის ალტერნატიული ხედვა შევიტანე და მისი განხილვა მომავალ კვირას, სესიაზე მოხდება
. თუ ჩემი თანაგუნდელების მხარდაჭერა არ ექნება, მაშინ მე მივიღებ გადაწყვეტილებას და დავტოვებ უმრავლესობას. თუ ქრონოლოგიურად დავალაგებთ, ჩემთვის ამ ეტაპზე დღის წესრიგში ეს ორი საკითხი არის წყალგამყოფი: მოსამართლეები და საპენსიო რეფორმა. საპენსიო რეფორმა კი ეს არის ფუნდამენტური საკითხი თავისი მნიშვნელობით“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.