მმართველ გუნდს, ალბათ, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აქვს იმისათვის, რომ პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესები მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით იმგვარად წარიმართოს, რომ ქვეყნის ინტერესებს არ შეექმნას რაიმე პრობლემა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა.
„თქვენც ხედავთ, რომ შეხვედრების საკმაოდ ინტენსიური პროცესია. თემა რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. მმართველ გუნდს აქვს, ალბათ, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესები ამ საკითხთან დაკავშირებით იმგვარად წარიმართოს, რომ საბოლოო ჯამში, ყველაზე მთავარ ღირებულებას ქვეყნის ინტერესებს არ შეექმნას რაიმე პრობლემა,“ – განაცხადა ლევან კობერიძემ.
დეპუტატი გამოეხმაურა კახა კალაძის განცხადებას, რომ ვისაც გუნდის დატოვება სურს, მათთვის კარი ღიაა.
„მე არ ვფიქრობ, რომ კალაძის განცხადება მოწოდება იყო გუნდის დატოვებისკენ. მან თავის პოზიცია გამოხატა იმ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც ჟურნალისტები ან თავად დეპუტატები სვამენ კითხვებს დატოვება-არ დატოვებასთან დაკავშირებით. მე არ მიმიღია ისე, რომ ეს არის გუნდის დატოვებისკენ რაიმე წაქეზება,“ – აღნიშნა კობერიძემ.